„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და ყოფილი თანაგუნდელი გააკრიტიკა. როგორც ინგლისელმა აღნიშნა, ვინმემ რონალდუს სიმართლე უნდა უთხრას და შეუძლებელია მასთან მიმართებაში ყველა მწვრთნელი ცდებოდეს.
„როდესაც ტენ ჰაგმა ის სათადარიგო სკამზე დასვა, ამბობდნენ, რომ „იუნაიტედის“ მენეჯერს კრიშტიანუს ავტორიტეტის შემცირება სურდა. თუმცა, დღეს იგივეს აკეთებს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში, რომელთანაც 8 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ურთიერთობა ჰქონდა.
კრიშტიანუს სიმართლე უნდა უთხრან, მან უნდა გაიგოს, რომ რასაც კარიერის ბოლო ფაზაში აკეთებს, უადგილოა. არ გამიკვირდება, რომ მოედანზე გავიდეს და გამარჯვების გოლი გაიტანოს, მაგრამ მისი ტემპი მოედანზე, მისი მუდმივად ცუდი განწყობა არის ის, რაც უნდა შეწყდეს, ეს უკვე საკმარისია. ეს მას საერთოდ არ უხდება. დარწმუნებული ვართ, რომ ჯერ „იუვენტუსის“ მწვრთნელი შეცდა, შემდეგ „მანჩესტერის“ და ახლა პორტუგალიის ნაკრების? მისი მემკვიდრეობა უკვე დაწერილია - ის სამუდამოდ იქნება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი“, - თქვა ნევილმა.