საქართველოს თასი ქუთაისის „ტორპედომ“ მოიგო და მომდევნო ზაფხულს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
კახა ჩხეტიანის გუნდმა 2022 წლის სეზონის ფინალში ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდი დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა საქართველოს თასს, მათ შორის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით - მესამედ.
„ლოკომოტივი 2“ ლიგა 4-ის ბინადარია და თასის ფინალში მისი გასვლა ძალიან დიდი სენსაცია იყო, მაგრამ ფინალში ვერაფერი გააწყო - კლასში სხვაობა იგრძნობოდა და „ტორპედო“ საგრძნობ უპირატესობას მატჩის დასაწყისიდანვე დაეუფლა.
იმერულ გუნდს ანგარიშის გახსნა პირველივე ტაიმში რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეორე ნახევრის დასაწყისში, 7-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
54-ე წუთზე მაურო კაბალიერომ მოახერხა ანგარიშის გახსნა, რასაც მალევე გიორგი ქიმაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და ყველაფერი გაირკვა. თბილისელებმა ვერც ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ისე წააგეს, რომ განსაკუთრებულად სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. ამდენად, „ტორპედოს“ გამარჯვება დამსახურებული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში „ლოკომოტივი 2“ შექებას იმსახურებს, რადგან არავინ ელოდა, რომ ფინალამდე მივიდოდა, გზად ეროვნული ლიგის 3 ბინადარიც ჩამოიშორა.
ქუთაისის „ტორპედოს“ კი სეზონი წარმატებული გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სტარტი ძალიან მძიმე და შემაშფოთებელიც კი იყო. იმერლებმა სეზონი ტიტულით დაასრულეს და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.
„ტორპედო“ – „ლოკომოტივი 2“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კაბალიერო (54), 2:0 ქიმაძე (61)