შვეიცარიასთან გამართული მატჩის გმირმა, პორტუგალიელმა გონსალო რამოშმა შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომ მსგავს სცენარს სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა.
,,იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი, ალბათ ჩემს ყველაზე გიჟურ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აღარაფერი ვთქვა 3 გოლის გატანაზე. ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, მეოთხედფინალშიც ძირითად შემადგენლობაში ვიქნები თუ არა.
კრიშტიანუ რონალდუს პირადად ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ის ახლაც ჩვენი კაპიტანია, ისევე როგორც ყოველთვის. როგორც კაპიტანი, ის მუდამ გვეხმარებოდა, გვერდში გვედგა და გვამხნევებდა, არა მხოლოდ მე, არამედ მთელს გუნდს" - განაცხადა რამოშმა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მერვედფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია 6:1 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მაროკოს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაში გონსალო რამოშმა თავის პირველ მუნდიალზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და 2002 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს შედეგი დააფიქსირა.