ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუსმა სამხრეთ კორეის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მოგება პელეს ეძღვნება და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც მის გამო სურთ.
„ყოველ ახალ მატჩთან ერთად ჩვენ უფრო თავდაჯერებული და მტკიცენი ვხდებით. ამჯერად ვითამაშეთ გუნდთან, რომელიც სივრცეებს არ ტოვებს და ასეთ დროს თამაში რთულია. თუმცა, ბევრი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც შესანიშნავი თამაშის ჩვენება შეუძლიათ.
შეგვიძლია ცეკვა ბოლომდე გავაგრძელოთ. ძალიან გვინდა პელეს ჩავეხუტოთ, რომელსაც ძალა და გამხნევება სჭირდება. ეს გამარჯვება მას ეძღვნება. გვჯერა, რომ ის შეძლებს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლას და შეგვიძლია მისთვის მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ“, - თქვა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.