ბრაზილია მეოთხედფინალში - მარტივად, ლაღად, ლამაზად, ცეკვით და სიამოვნებით. „სელესაომ“ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა და უფრო მეტად რომ მოენდომებინა და ძალების დაზოგვაზე არ ეფიქრა, ცხადია, უფრო სოლიდურად მოიგებდა.
ყველაფერი მატჩის საწყის წუთებში გადაწყდა, როცა ვინისიუსისა და ტრავმამოშუშებული ნეიმარის გოლებით 2:0 დაწინაურდა, შედეგად, ნათელი გახდა, რომ პაულუ ბენტუს გუნდი ტიტეს შეგირდების გამჩერებელი არ იყო. სულ მალე ბრაზილიამ მესამეც გაიტანა და მიმდინარე მუნდიალზე ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო - დიდებული კომბინაცია, რომელიც რიშარლისონმა დიდებულად დაიწყო და თავადვე დაასრულა. ტაიმის ბოლომდე სამხრეთამერიკელებმა კიდევ გაიტანეს, ამჯერად ლუკას პაკეტამ.
მერე ბრაზილიამ ცოტა ენერგია დაზოგა, მომდევნო ეტაპზე იფიქრა და თამაშის საშუალება სამხრეთ კორეასაც მისცა, რომელმაც მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი გაიტანა.
ფაქტია, რომ ბრაზილიის ნაკრებს ძალიან დიდი რესურსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა შეფასების კრიტერიუმად ვერ გამოდგება და შესაძლოა, მერვედფინალურ სტადიაზე ბრაზილიისთვის მეტისმეტად სუსტი მეტოქეც იყო. თუმცა, ის უფრო რეალურია, რომ ეს თამაში უფრო ბრაზილიის ძალის მანიშნებელია, ვიდრე აზიელთა სისუსტის.
ახლა ტიტეს გუნდს მეოთხედფინალი და ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ელოდება, რომელსაც 9 დეკემბერს დაუპირისპირდება.
ბრაზილია - სამხრეთ კორეა 4:1 (4:0)
დოჰა, „სთედიუმ 974“
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი (ვევერტონი 80); მილიტაო (დანი ალვეში 63), ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანილო (ბრემერი 72); პაკეტა, კაზემირო; რაფინია, ნეიმარი (როდრიგო 81), ვინისიუსი (მარტინელი 72); რიშარლისონი
მწვრთნელი: ტიტე
სამხრეთ კორეა (4-4-2): კიმ სონ-გუ - კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ იუნ-ვონი, კიმ ჯინ-სუ (ჰონ ჩული 46)- ლი ჯე-სუნი (კან-ინ ლი 74), იუნ ვო-იონი (სონ ჯუნ-ჰო 46), ინ-ბომი, ჰვან, ჰი-ჩანი - ჩო გუ-სუნი (ჰვან უი-ჯო 80), ჰონ-მინ სონი
მწვრთნელი: პაულუ ბენტუ
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ნეიმარი (13, პენ), 3:0 რიშარლისონი (29), 4:0 პაკეტა (36), სეუნ-ჰო (76)
გაფრთხილება: იუნ ვუ-იონი (44)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 10 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 0:5
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)