ფეხბურთი

18:32 | 5.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო სახიფათოა, ესპანეთს შეცდომის უფლება არ ექნება

მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს მაროკოსა და ესპანეთის დაპირისპირება იწვევს.

ესპანეთი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მაინც ორგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო მაროკო თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუნდიალის მთავარი სიურპრიზია.

ესპანეთმა კოსტა რიკასთან ფეერიული 7:0-ს შემდეგ გერმანიას ვერ მოუგო, ბოლოს კი იაპონიის ნაკრებთან წააგო. ბევრი ფიქრობს, რომ ლუის ენრიკეს გუნდს ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა ერჩივნა და აზიელებთან მარცხიც ამით აიხსნება, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა - ფაქტია, რომ „ფურია როხამ“ ბოლო ორ თამაშში იდეალური შთაბეჭდილება სულაც ვერ დატოვა და პრობლემები სააშკარაოზე გამოვიდა. თუ ესპანელებს მუნდიალზე ღირებული შედეგის ჩვენება სურთ, ბევრად უკეთ თამაში მართებთ.

მაროკოს ნაკრებმა კი გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორების, ხორვატიისა და ბელგიის კონკურენციაში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ვალიდ რეგრაგის გუნდმა ხორვატიასთან უგოლო ფრეს, ბელგიასა და კანადასთან გამარჯვებები დაუმატა და მერვედფინალში დიდებული თამაშით გავიდა. აღსანიშნავია, რომ კატარში ძალიან ბევრი მაროკოელია ჩასული და სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იქმნება, თითქოს მაროკო სახლში თამაშობს. ფაქტია, რომ ამ გუნდის წარმატება შემთხვევითობა არ არის და კიდევ მეტის მიღწევაც შეუძლია. ისიც ნათელია, რომ მაროკოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ არ უნდა იყოს, ამდენად, მაგარი ბრძოლაა მოსალოდნელი.

იაპონიასთან მატჩში ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა, მაგრამ ამჯერად შემადგენლობაში ცვლილებებს ისევ გეგმავს. სასტარტოში დაბრუნდებიან დანი კარვახალი, ჟორდი ალბა, ემერიკ ლაპორტი და ფერან ტორესი. „ფურია როხა“ კვლავ ცენტრფორვარდით ითამაშებს, რადგან ალვარო მორატამ ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია.

მაროკოს ნაკრების ბოლო ვარჯიში სოფიან ბუფალმა, ჰაკიმ ზიეშმა და სოფიან ამრაბატმა გამოტოვეს, მაგრამ საგანგაშო არაფერია - მაროკოს ნაკრების ლიდერებმა უბრალოდ დაისვენეს და სამივე ითამაშებს.

სტატისტიკა

ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პლეი-ოფში თამაში არ მოუგია. „ფურია როხა“ 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2018 წელს მერვედფინალში რუსეთთან დამარცხდა.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-16-ედ თამაშობს და წინა 15 შემთხვევიდან, მეოთხედფინალური ეტაპი ერთადერთხელ გადალახა - მაშინ, როცა ჩემპიონი გახდა (2010 წელს). ამგვარად, "ფურია როხა" მუნდიალზე საუკეთესო ოთხეულში ერთხელ გავიდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

მაროკოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მეექვსე გამოჩენაა და ჯგუფიდან მეორედ გავიდა.

მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა - 1986 წელს.

მაროკომ სულ 19 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, საიდანაც 4 მოიგო, ექვსჯერ ფრე ითამაშა და ცხრა წააგო. მაროკოს ნაკრებმა ოთხიდან სამი გამარჯვება მოიპოვა ევროპულ მეტოქეებთან - პორტუგალიასთან, შოტლანდიასა და ბელგიასთან. მაროკომ მიმდინარე მუნდიალზე უკვე იმდენივე თამაში მოიგო (2), რამდენიც მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში ჰქონდა მოგებული (16 მატჩიდან 2).

ესპანეთი წინა მუნდიალს მერვედფინალში გამოეთიშა (რუსეთთან მარცხით), ხოლო ბოლოს, როცა ეს ეტაპი დაძლია, ჩემპიონი გახდა (2010 წელს).

მაროკო მერვედფინალში 1986 წელს იყო და გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.

ესპანეთი მუნდიალის პლეი-ოფში აფრიკულ ნაკრებს პირველად შეხვდება, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ამ კონტინენტის წარმომადგენლებთან 5-ჯერ უთამაშია - 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ერთადერთი მარცხი „ფურია როხამ“ 1998 წელს ნიგერიასთან განიცადა (2:3) და მაშინ მოედანზე ლუის ენრიკე იყო. ერთადერთი ფრე კი სწორედ მაროკოსთან ითამაშა (2:2).

მაროკოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 2 ფრე) და ერთადერთი აფრიკული ნაკრები, რომელსაც უკეთესი სერია ჰქონდა, კამერუნია (1982-1990 წლებში 5 მატჩი: 2 მოგება, 3 ფრე).

მაროკო და ესპანეთი ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან და „ფურია როხა“ უპირატესობას ფლობს - 2 მოგება, 1 ფრე. 1961 წლის ნოემბერში, ისინი 1962 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ და ესპანეთმა 1:0, 3:2 იმარჯვა, ხოლო ბოლო დაპირისპირება 4 წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შედგა და და ფრე დაფიქსირდა - 2:2. ესპანეთი მარცხისგან ბოლო წუთზე იაგო ასპასმა იხსნა.

სავარაუდო შემადგენლობები

6 დეკემბერი, 19:00 საათი

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, საისი, აგერდი, მაზრაუი; უნაჰი, ამრაბატი, შაჰირი; ზეიში, ენ-ნესირი, ბუფალი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; კარვახალი, როდრი, ლაპორტი, ალბა; პედრი, ბუსკეტსი, გავი; ფ. ტორესი, მორატა, დანი ოლმო

0.112823