კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ თავისი ტიტული შეინრჩუნა. ჯიპსი კინგის მეტსახელით ცნობილმა გიგანტმა, მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი აგემა თანამემამულე დერეკ ჩისორას, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ შემდეგ მეტოქედ სხვა პრესტიჟული წონების ჩემპიონს, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს ირჩევს.
ჩისორასთან შეხვედრისას, ფიურის პრობლემა არ შექმნია. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ის ორჯერ ჰყავდა „გალახული“ და მასზე აშკარად მეტოქეს მესამედაც შეხვდა, ბრძოლას ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე მაინც 60 000 მაყურებელი დაესწრო.
შეხვედრისას ჩანდა, რომ ჩისორას მთავარი მიზანი, რაც შეიძლება დიდხანს გაძლება იყო. ფიური მისთვის მთელ თავის არსენალს იმეტებდა, რაშიც გრძელი ხელები და სიმაღლეც ეხმარებოდა. თავიდანვე ჩანდა, რომ მის მეტოქეს ბრძოლის დასრულება გაუჭირდებოდა. და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „ცემას“ ათი რაუნდი გაუძლო.
ფიურის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, ჩისორას მწვრთნელი დონ ჩარლზი რინგზე პირსახოცის გადმოგდებას არც აპირებდა. მის ნაცვლად, ეს რეფერიმ გააკეთა. ეს მაშინ მოხდა, როდსაც მე-10 რაუნდის დასრულებამდე 12 წამი რჩებოდა.
ამგვარად, 34 წლის ფიურიმ 33-ე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მას ჯერ წაგება არ აქვს და მხოლოდ ერთხელ დასჯერდა ფრეს. 38 წლის ჩისორამ კი ბოლო ხუთ ბრძოლაში მეოთხე მარცხი იწვნია და შესაძლოა, ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო პროფესიონალურ რინგზე, სადაც სულ 46 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 13 წააგო.
„სად არის ოლეკსანდრ უსიკი, კურდღელი? ჰეი კურდღელო, შემდეგი შენ ხარ“, - გასძახა ტრიბუნებს ჩემპიონმა. „მე და შენ. მე შენ ჩამოწერას გიპირებ. ერთ უკრაინელს, კლიჩკოს (ვლადიმირს) უკვე ვაჩვენე სეირი და ახლა შენი ჯერია, შე პატარა მახინჯო. მიიღე ეს გამოწვევა“.
ფიურის გამოხტომას უსიკი რინგის მიღმა, ღიმილით ისმენდა. მასაც ფიურისთან შეხვედრა სურს. და იმედი აქვს, რომ ბრძოლა შედგება.