არაფერი განსაკუთრებული - საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ძალიან იოლად, ძალების დაზოგვით გავიდა, კილიან მბაპემ კი მორიგი შოუ დადგა.
მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი პოლონეთის ნაკრებს ძალიან მარტივად გაუმკლავდა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან პოლონეთმა ჯგუფშიც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და რა გასაკვირია, რომ „მამლების“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
არადა, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა ჩესლავ მიხნევიჩის გუნდი უშანსოდ არ იყო, ერთ მომენტში საფრანგეთი გოლს სამჯერ გადაურჩა, როცა ორჯერ მცველებმა დაბლოკეს დარტყმა, ერთხელ უგო ლორისმა მოიგერია. თუმცა, ეს თანაბარი თამაში მაინც მოჩვენებითი იყო და პირველი ტაიმის ბოლოს ყველაფერი ლოგიკურ კალაპოტს დაუბრუნდა.
კილიან მბაპეს შესანიშნავი პასით ოლივიე ჟირუ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. ჟირუსთვის ეს 52-ე გოლი იყო საფრანგეთის ნაკრებში და ტიერი ანრის გადაასწრო. დეშამის გუნდმა ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ უპირატესობა გაზარდა.
კილიან მბაპემ ორჯერ გაიტანა - ერთმანეთზე უკეთესი გოლები. მან ჯერ 74-ე წუთზე აჯობა ვოიცეხ შჩესნის, ხოლო შემდეგ 90-ე წუთზე, როცა შორეულ კუთხეში კიდევ უფრო ეფექტური დარტყმით შეაგდო. მბაპეს მიმდინარე მუნდიალზე უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებში გალიდერდა, ხოლო მთლიანობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 გოლი დაუგროვდა. ფრანგ ფეხბურთელებში მბაპე მხოლოდ ჟუს ფონტენს ჩამორჩება, რომელსაც 13 გოლი აქვს საკუთარ აქტივში, ხოლო შორს არც რეკორდსმენი მიროსლავ კლოზეა, რომლის ანგარიში 16 გოლია. ეჭვგარეშეა, რომ მბაპე ამ რეკორდს კარიერის განმავლობაში შეუტევს...
პოლონეთმა ისღა მოახერხა, რომ ბოლო წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოოდ საფრანგეთმა 3:1 მოიგო.
საფრანგეთის ნაკრები აგრძელებს ტიტულის დასაცავად ბრძოლას და მეოთხედფინალში ინგლისისა და სენეგალის ნაკრებების წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
საფრანგეთი - პოლონეთი 3:1 (1:0)
დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; კუნდე (დისასი 90), ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი (ფოფანა 66), რაბიო; დემბელე (კომანი 76), გრიზმანი, მბაპე; ჟირუ (ტურამი 76)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
პოლონეთი (4-1-4-1): შჩესნი; კეში, გლიკი, კივიორი (ბედნარეკი 87), ბერეშჩინსკი; კრიხოვიაკი (ბიელიკი 71); კამინსკი (ჟალევსკი 71), ჟელინსკი, შჩიმანსკი (მილიკი 64), ფრანკოვსკი (გროსიჩკი 87); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ჩესლავ მიხნიევიჩი
გოლები: 1:0 ჟირუ (44), 2:0 მბაპე (74), 3:0 მბაპე (90), 3:1 ლევანდოვსკი (90, პენ)
გაფრთხილება: ჩუამენი (32) - ბერეშჩინსკი (47), კეში (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 11 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ხესუს ვალენსუელა (ვენესუელა)