ფეხბურთი

16:53 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "დონარუმასთან შედარება ძალიან სასიამოვნოა"

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი „ღამურების“ რიგებში ტიტულების მოგებაა. ქართველმა მეკარემ ასევე ილაპარაკა ჯანლუიჯი დონარუმასთან შედარებაზე და თქვა, რომ ეს სასიამოვნოა.

"რა თქმა უნდა, მშვენიერია, როცა გადარებენ ისეთ მეკარეს, როგორიც ჯანლუიჯი დონარუმაა, რადგან მან უკვე ბევრს მიაღწია თავის ასაკში. მე ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის განვითარებას და მისგან გარკვეული უნარების გადაღებას ვცდილობდი.

როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, ჩემი კერპი მანუელ ნოიერი იყო. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისით. თუმცა, ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩემს კარიერაზეა ორიენტირებული და ამიტომ გავაგრძელე კონტრაქტი „ვალენსიასთან“. ამ კლუბთან ერთად ტიტულების მოგება მინდა.

ამ სეზონში ახალი მწვრთნელი გვყავს, ამიტომ ცოტა სხვა სტილში ვთამაშობთ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ უკვე უკეთესები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში ვიყავით.

გასული წელი ზოგადად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რადგან ლა ლიგაში 21 წლის ასაკში მომიწია თამაში. ესპანეთის თასის ფინალში ვითამაშეთ, რომელიც წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატი 31 დეკემბერს, განახლება და „ვალენსია“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე ჯენარო გატუზოს გუნდი ამხანაგურ მატჩებს „კლერმონის“, „ნოტინგემისა“ და „ალკმაარის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.109641