ფეხბურთი

14:30 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სალაღობო მიმოხილვა

მავანი იტყვის, რა შეჭამეთ ტვინი ამ თქვენი ლუდით და ყატარის მუნდიალზე ლუდის სმის შეზღუდვის გამო წუწუნითო, მაგრამ სანამ ქომაგებს განაქიქებდნენ, უმჯობესია ის გაიხსენონ, ამ 10 წლის წინათ როგორ ვიხვეწებოდით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რუსეთსა და ყატარს არ მისცეთ, თორემ ისეთი ამბები დატრიალდება, დედა შვილს არ აიყვანსო. ვინ დაგვიჯერა? ვინ ირწმუნა ჩვენი?

ასეა თუ ისეა, ყატარის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გუშინ პირველი მერვედფინალებიც კი დავიგემოვნეთ. ობიექტურად რომ ვთქვათ, ფეხბურთისა და სანახაობის მხრივ, ამ ჩემპიონატს თუნდაც წინა მუნდიალისგან განსხვავებით არაფერი დაეწუნება, მაგრამ ეს ოხერი სიცხე და ულუდობა მაინც ვერაა კარგი ამბავი. კარგი კი არა, საშინელებაა! თან როგორც ნაყატარალი ქომაგები წუწუნებენ, დოჰაში საჭმელ-სასმელს, წყალსა და სასტუმროებს ისეთი ფასი ადევს, ფეხბურთის სანახავად ჩასულ ქომაგს წადილის მისაღწევად შეიძლება საკუთარი თირკმელის გაყიდვა დაჭირდეს. ისე, ულუდობაში თირკმელის დიდი საჭიროება პრინციპში არც უნდა იდგეს. არ ვიცი რამდენად კარგი ხუმრობა გამოვიდა, მაგრამ განა ეხუმრება გერმანიის ქომაგს? ჰაი ჰაი რომ არ ეხუმრება!

გნაბრი ბჭობდა, იაპონელები ხითხითებდნენ

ჩემპიონატი გერმანიამ საშინლად დაიწყო. მონდომებულ და ცქვიტ იაპონელებთან „ბუნდესქვეყნელებმა“ ისეთი თამაში წააგეს, ბერლინის სატრანსპორტო დაგეგმარების უფროსს ერთი დღე მარცხენა ზოლზე მოძრაობა უბრძანებია - იაპონიას ამაში მაინც მივბაძოთო. ტოკიოში კი დიდი ზეიმი ატყდა. „იუთუბზე“ შედით და ნახავთ, ტოკიოს ქუჩებში მოზეიმე იაპონელები როგორ არად აგდებენ პოლიციის შენიშვნებს და შუა ქუჩაში როგორ ძალუმად შეექცევიან ხოშკაკალასავით დაყრილ ლუდს, სუშსა და საკეს.

ამის შემდეგ გერმანიამ ესპანეთთან ფრე ითამაშა და ბეჩავ კოსტა რიკას მოუგო, მაგრამ გნაბრი ბჭობდა, იაპონელები ხითხითებდნენო. ის იაპონელები, რომლებმაც ბოლო ტურში თვით ესპანეთს სძლიეს და ჯგუფში პირველი ადგილით მერვედფინალში გავიდნენ. აზიელთა ორი დიდებული გამარჯვებით გადაიფარა ესპანელთა მიერ კოსტა რიკის ნაკრების ამ მუნდიალზე ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით ძლევა და გათელვა. „ამომავალი მზე“ უკვე ამოსულია. რაღა ჩაიყვანს?

რონალდუს ბრუნოს გოლის არ სჯერა

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის დასრულებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ იაპონიის ზღვისგადაღმა სამხრეთ კორეაშიც. საზეიმო როგორ არ ექნებოდათ, როდესაც ეს ურუგვაის ცოდვით სავსეები ადგნენ, პორტუგალიას მესამე ტურის თამაში მოუგეს და ხსენებული ურუგვაი და განა ჯგუფში ჩატოვეს.

ნამეტანი უცნაური გუნდია ეს პორტუგალია. ავი ენები ამბობენ, კორეელებთან სპეციალურად წააგეს, რადგან ურუგვაის ჯგუფში ჩატოვება სურდათო, მაგრამ ამის თქმას გაუბედავთ რონალდუს? ამის თქმა კი არა, მსაჯმა ის ძლივს შეაპარა, ურუგვაისთან გოლი შენ კი არა ბრუნომ გაიტანა და ახტომისას შენი ჰაერში შეყანყალებული თავი ბურთს არც კი შეხებიაო. არ უნდა და არ იჯერებს. დიახაც!

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ურუგვაი ყველას შეგვეცოდა მაგრამ მოდით ახლა მთლად ქართველების შეცოდებაზე ნუ ააგებენ ჯიგიას შთამომავლები სამომავლო ზრახვებსა და გეგმებს. ჩვენ შეგვიბრალა ვინმემ? მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა კი არა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედებიც კი გადაღრძუებულმა გორან პანდევმა ჩაგვიფუშა. ეს პანდევი აქ რაღა სახსენებელი იყო, კაცმა რომ თქვას...

ბრაზილია მეექვსე ტიტულზე გაიწია

სამაგიეროდ, მოდით ხმამაღლა ვახსენოთ მშვენივრად მობურთალი ბრაზილიის ნაკრები, რომელმაც პირველ ორ თამაშში დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს კიდევ ხელეწიფებათ მეექვსედაც იპირველონ, თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა.

ბოლო ტურში კამერუნთან უცნაური მარცხი და დიადი აბუბაქარის მიერ წითელ ბარათად დამჯდარი შემოძარცვული მაისური მოდით წარსულის ლანდებს გავატანოთ, ისე როგორც მონდომებული, მებრძოლი, მაგრამ მაინც ბევრი ვერაფრისმქნელი მთლიანი კამერუნის გუნდი. პრინციპში განაც ეგეთი გუნდი არ იყო? ეგრეა! აფრიკაში ყველა სენეგალი და მაროკო ვერ იქნება!

ყველა სენეგალი და მაროკო ვერ იქნება!

მაროკომ ჭეშმარიტად დიდი საოცრება ქმნა და მაღრიბული თავდაჯერებით უკან მოიტოვა თვით ბელგია და ხორვატია. აფრიკის არაბთა ჯგუფში გამარჯვებას ბელგიის მარად პერსპექტიული და მარად ზანტი ნაკრების ჯგუფში დარჩენა მოჰყვა. ხორვატები კი მეორეზე გავიდნენ და გულს იმით თუ დაიმშვიდებენ, რომ ყატარის მუნდიალზე ყველაზე ცნობილი ლამაზმანი, მოდელი ივანა კნოლი სწორედ ხორვატია, რომელსაც როგორც ჩვენი პორტალის რუბრიკა „თამაშგარეს“ უცნაური მიმომხილველი წერს: „ყატარში მიმდინარე მუნდიალზე დაწესებული შეზღუდვები გრძელ და ლამაზ ფეხებზე ჰკიდია" ივანა - ხორვატიის იმედი და მშვენება (worldsport.ge).

ვგუგლე-ვგუგლე და ბევრი ვერაფერი გავიგე სენეგალური ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ, თორემ აქ მინდოდა მეხსენებინა როგორი დაფა-ზურნა გაჩაღდა სენეგალის დედაქალაქ დაკარიში, როდესაც „შავი აფრიკის“ წარმომადგენლები ნიდერლანდების შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და დღეს ინგლისელებთან მერვედფინალში ჯახშიც იმედებით აღვსილნი გამოვლენ. ნიდერლანდები ტრადიციულად კარგი და უცნაური გუნდია და კაცმა (ქალმაც) არ იცის სამომავლოდ რას იზამენ.

ამ ჯგუფში მასპინძელმა ყატარის გუნდმა დამსახურებულად დაიკავა ბოლო ადგილი და დამსახურებულად უციმციმებს ქულების გრაფაში დიდი 0! მართლაც ასეა - ყველაფერს ფულით და შეიხების გავლენით ვერ იყიდი. სხვა დანარჩენისათვის ენერ ვალენსიას ფეხი არსებობს! საწყალი ენერი და ეკვადორის ნაკრები! რა ცოტა დააკლდათ მერვედფინალში გასვლამდე... მაგრამ, ამ კაცის, როგორც მუნდიალების ისტორიაში ეკვადორელი მთავარმეგოლის სახელი მაინც შევიდა.

ფრანგულ-ინგლისური დამაჯერებლობა

ძალიან კარგად ითამაშა საფრანგეთმა და სულ ტაატით გავიდა მერვედფინალში. ამ მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მარცხი კი მგონი აღარავის უკვირს.

ინგლისიც არ იყო ცუდი. ბრიტანელებმა დამაჯერებლად განვლეს პირველი სამი თამაში და აშშ-სთან მცირე წაფორხილების მიუხედავად, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე სძლიეს ირანსა და ჩემი აზრით, ამ ჩემპიონატზე ყველაზე სუსტ გუნდს - უელსს.

ირანის ნაკრების შესახებ იმდენი დაიწერა და ითქვა, ცოტა მოსაწყენიც კი იქნება კიდევ ერთხელ იმის გახსენება, რომ სპარსეთის მიწის შვილებს საკუთარი ხელისუფლებისადმი სამართლიანი პროტესტი აქვთ და ამას ხან ეროვნული ჰიმნის არმღერით და ხან სიმღერით გამოხატავენ. ისე კი, ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ირანში ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ქალებს ვერც შემართებით აჯობეს და ვერც შეუპოვრობით.

ოჩოას დარდი

არგენტინამ ცუდად დაიწყო და კარგად დაამთავრა (ჯგუფური ეტაპი). იმაზე კარგად, ვიდრე ლეო მესი წარმოიდგენდა პოლონეთთან გაცუდებული საკამათო პენალტის შემდეგ, რომელიც სხვათაშორის მისივე მოპოვებული იყო. შემდეგ ეტაპზე პოლონეთიც გავიდა და ამან ცოფები აყრევინა საუდის არაბეთს. საუდელებმა ხომ პირველ ტურში თვით არგენტინას გამოუყვანეს წირვა და მტერ-მოყვარე ამ გუნდის შემდეგ შანსებზე აალაპარაკეს. მაგრამ ყველაფერი ხშირად არ გრძელდება ისე მაჟორულად, როგორც იწყება. აი მაგალითად, მექსიკელთა აწ უკვე ლეგენდარულ მეკარე ოჩოას რომ ჰკითხოთ, აუცილებლად გეტყვით, რომ სასწაულები არ ხდება და თუ ხდება, აუცილებლად მექსიკის საწინააღმდეგოდ! მექსიკაზე უიღბლო მგონი მარტო საქართველოს ნაკრებია. ეს საქართველო კიდევ არ მანებებს თავს... უხ გორან შენი!!!

0.120878