ფეხბურთი

1:09 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს შეხვდება

დღის მეორე მერვედფინალური მატჩიც საინტერესო გამოდგა. სიუჟეტი თავიდანვე საცნაური იყო - არგენტინა ბურთს აკონტროლებდა, ავსტრალია თავს იცავდა. სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. ავსტრალიელები უშეცდომოდ იდგნენ დაცვაში.

ასე უსახურად გაგრძელდა დაახლოებით 23 წუთი. საკმარისი იყო სამხრეთამერიკელებს პირველი გააზრებული კომბინაცია გაეთამაშებინათ და ანგარიში გაიხსნა. 35-ე წუთზე არგენტინელებმა მარჯვენა ფრთაზე საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. მესიმ ჩააწოდა, მაგრამ ბრგე ჰარი სუტარმა თავით გამოიტანა ბურთი. შეტევა გაგრძელდა, მესიმ მაკალისტერ-ოტამენდისთან სწრაფად გაითამაშა კომბინაცია და თავის სტილში, ცაციათი, დაბალ კუთხეში გაუტანა მეტიუ რაიანს.

მესი ნამდვილი ლიდერია. გუნდის თავი. ეს ლეოს მე-9 გოლი გახლდათ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და, პირველი ტურნირის ფლეი-ოფში. აქამდე მას მხოლოდ ჯგუფურ ეტაპებზე გაჰქონდა.

კიდევ, ლეომ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა.

მეორე ტაიმში არგენტინელები უფრო პოზიციურად უტევდნენ და ერთ ეპიზოდში მეტოქის გამოცდილ მეკარეს შეცდომა დააშვებინეს. რაიანმა არაფრისგან მოიგონა მომენტი, წესით ბურთი წინ უნდა დაერტყა, მაგრამ დე პაულის მოტყუება სცადა და იქვე მყოფმა ალვარესმა წამიერი შეყოვნება არ აპატია - 2:0.

თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა დასასრულისკენ, მაგრამ აქამდე სტატისტების როლში მყოფმა ავსტრალიელებმა მოულოდნელად ერთი საპასუხო გოლი (ავტოგოლი) გაიტანეს და ვითარება ძალიან დაიძაბა. „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენლებმა, იძალეს, იბრძოლეს, კინაღამ ანგარიშიც გაათანაბრეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ტურნირი თავაწეულებმა დატოვეს.

არგენტინა კი 9 დეკემბერს, მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

არგენტინა - ავსტრალია 2:1

ერ-რაიანი. „აჰმედ ბინ ალი“

1:0 მესი (35), 2:0 ალვარესი, 2:1 ფერნანდესი (77 საკ. კარში)

არგენტინა: მარტინესი, მოლინა (მონტიელი 80), ოტამენდი, რომერო, აკუნია (ტალიაფიკო 72) , ფერნანდესი, დე პაული, მაკ ალისტერი (პალასიოსი 80), გომესი (ლისანდრო მარტინესი 50), მესი, ალვარესი (ლაუტარო მარტინესი 71)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

ავსტრალია: რაიანი, როულსი, დეგენეკი (კარაჩიჩი 72), სუტარი, ბეხიჩი, მუი, ირვინი, მაკგრი (გუდვინი 58) , ბაკუსი (ჰრუსტიჩი 58), ლეკი (კოული 72), დიუკი (მაკლარენი 72)

მწვრთნელი: გრემ არნოლდი

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

გაფრთხილება: ირვინი (15), დეგენეკი (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14(5)-5(1), ბურთის ფლობა: 60%-40%, კუთხურები: 1-3, თამაშგარე: 4-0

0.145664