ფეხბურთი

13:24 | 2.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "იმედგაცრუება დიდია, ჯგუფში ჩარჩენას სხვა გუნდს ვერ დავაბრალებ"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს დიტერ ფლიკმა კოსტა რიკასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა სპეციალისტმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენა შეაფასა და თქვა, რომ იმედგაცრუება დიდია.

ბუნდესნაკრებმა E ჯგუფში მესამე შეხვედრა 4:2 კი მოიგო, თუმცა ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ ფლიკის გუნდმა პლანეტის პირველობა 4 ქულით და მესამე ადგილით დაასრულა.

"იმედგაცრუება დიდია. ესპანეთს არ ვადანაშაულებ. არასდროს ვუყურებ სხვა გუნდებს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებთ, საკმარისი შანსები გვქონდა, განსაკუთრებით იაპონიასთან და ასევე ესპანეთთან მატჩის ბოლოს.

მრავალი წლის განმავლობაში გვჭირდებოდა 9 ნომერი და ძლიერი მცველები. გერმანულ ფეხბურთში დაცვა სულ გამოირჩეოდა და საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ.

პირველ ტაიმის მერე იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი, სამი-ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო და ვერ გამოვიყენეთ, მეტიც - შეცდომების წყალობით მეტოქე თამაშში დავაბრუნეთ.

ყველაფერი არა კოსტა რიკასთან შეხვედრაში, არამედ იაპონიასთან მატჩის დროს გადაწყდა. მსოფლიო ჩემპიონატზე საკმარისად ეფექტური არ ვიყავით. იმედგაცრუება დიდია და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას", - განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიისა და ესპანეთის მატჩის ბედი საკამათო გოლმა გადაწყვიტა. ამ გამარჯვებით იაპონელები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ, ლუის ენრიკეს გუნდი კი მეორე პოზიციას დასჯერდა.

0.114669