მარათონის მსოფლიო რეკორდსმენი, კენიელი ელიუდ კიპჩოგე მომავალ წელს, ბოსტონის მარათონზე, რომელიც 17 აპრილს გაიმართება, პირველად იასპარეზებს. 38 წლის მორბენლის მიზანი, მეხუთე დიდი მარათონის მოგებაა.
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უკვე მოგებული აქვს ლონდონის, ბერლინის, ჩიკაგოს და ტოკიოს მარათონები. ყველა ეს შეჯიბრი, დიდი მარათონების სიას მიეკუთვნება.
„მიხარია იმის გამოცხადება, რომ აპრილში ბოსტონის მარათონზე ვიასპარეზებ. ეს ჩემი მარათონული მოგზაურობის ახალი თავი იქნება“, - ამბობს კიპჩოგე, ვინც მეორე ოლიმპიური ოქრო, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა.
კიპჩოგეს კარიერის განმავლობაში, 17 მარათონში მიუღია მონაწილეობა და მათგან 15 მოიგო. სექტემბერში, ბერლინის მარათონზე ასპარეზობისას, მსოფლიო რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, გააუმჯობესა. ამასთან, წინა რეკორდს, რომელიც ოთხი წლის წინათ, ბერლინშივე დაამყარა, დაახლოებით ნახევარი წუთი მოაკლო. ამჟამად რეკორდი 2 საათი და 01.09 წუთია.
კიპჩოგეს 10 დიდი მარათონის ტიტული აქვს მოპოვებული, მაგრამ ერთხელაც არ გამოსულა ნუ იორკსა და ბოსტონში. აღსანიშნავია, რომ კიპჩოგე ერთადერთი მორბენალია, ვისაც მარათონი ორ საათზე ნაკლებში აქვს გარბენილი (1:59.40), მაგრამ ეს მიღწევა არ ჩაეთვალა, რადგან არასაშეჯიბრო გამოსვლა ჰქონდა და მასზე ბევრი პეისმეიკერი, მუშაობდა. გარბენი 2019 წელს, ვენაში, სპეციალურად მოწყობილ ტრეკზე ჩატარდა.