მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კანადას 2:1 მოუგო და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
ჩრდილოაფრიკელებმა მშვენიერი პირველი ტაიმი შემოგვთავაზეს, მეორეში კი ანგარიშის შენარჩუნება სცადეს და ამისათვის კინაღამ დაისაჯნენ.
ვალიდ რეგრაგის შეგირდებმა მეტოქეს სამი ბურთი გაუტანეს, თუმცა ერთი, თამაშგარეს მიზეზით არ ჩაუთვალეს.
მაღრიბელები ადრეული გოლით დაწინაურდნენ. თავი ჰაქიმ ზიეშმა გამოიჩინა. თუმცა ამ ეპიზოდში „ლომის წილი“ კანადელთა მეკარე მილან ბორიანს მიუძღვის, რომელმაც „ჩელსის“ ფორვარდს თავისი საჯარიმოს სიახლოვეს ჩააბარა ბურთი.
მეორე გოლი ხომ კლასიკური გამოდგა: ჰაქიმიმ ენ-ნესირი გრძელი პასით მეკარის პირისპირ გაიყვანა და „სევილიის“ ფორვარდს დაახლოებით 12 მეტრიდან გატანა არ გასჭირვებია.
ტაიმის ბოლოს კი ჩრდილოაფრიკელებმა საკუთარ კარში გაიტანეს - ნაიეფ აგერდმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი.
თითქოს ნიშანი იყოო. შესვენების შემდეგ სიუჟეტი შეიცვალა. კანადელები გააქტიურდნენ და შეუტიეს. ყველაზე სახიფათო ეპიზოდი 73-ე წუთზე მოხდა: კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ჰათჩინსონმა დაახლოებით ცხრა მეტრიდან თავით დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზზე დაეცა...
მერე ვნებათაღელვა ცოტა დაცხრა და აფრიკელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.
მაროკო მერვედფინალშია.
კანადა - მაროკო 1:2
დოჰა. „ელ-ტუმამა“
0:1 ზიეში (4), 0:2 ენ-ნესირი (23), 1:2 აგერდი (40 საკ. კარში)
კანადა: ბორიანი, ჯონსტონი, მილერი, ვიტორია, ადეკუგბე (კონე 61), კეი (ჰათჩინსონი 60), დევისი, ოსორიო (ლარია 66), ბიუკენენი, ჰოილეტი (უოთერსპუნი 76), ლარინი (დევიდი 60)
მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი
მაროკო: ბუნუ, ჰაკიმი (ჯაბრანე 85), აგერდი, საისი, მაზრაუი, ამრაბატი, უნაი (ელ-იამიქი 77), ზიეში (ჰამდალა 76), საბირი (ამალა 65), ბუფალი (აბუხლალი 65), ენ-ნესირი
მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი
მსაჯი: რაფაელ კლაუსი (ბრაზილია)
გაფრთხილება: ჰოილეტი (7), ოსორიო (26), ადეკუგბე (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4(0)-3(2), ბურთის ფლობა: 59%-41%, კუთხურები: 6-2, თამაშგარე: 4-4
1. | მაროკო | 3 | 2 | 1 | 0 | 4 | 1 | 3 | 7 |
2. | ხორვატია | 3 | 1 | 2 | 0 | 4 | 1 | 3 | 5 |
3. | ბელგია | 3 | 1 | 1 | 1 | 1 | 2 | -1 | 4 |
4. | კანადა | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 7 | -5 | 0 |