ფეხბურთი

21:01 | 1.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, ხორვატია მერვედფინალშია

ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა. რობერტო მარტინესის გუნდმა ხორვატიასთან მოგება ვერ მოახერხა და მუნდიალს გამოეთიშა.

ბელგია ისევ ცუდი იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და იმის მიუხედავად, რომ მეორე ნახევარში გააქტიურდა, გოლი ვერ გაიტანა. არადა, რომელუ ლუკაკუს ბევრი შანსი მიეცა, მაგრამ ბელგიელი ფორვარდი თითქმის ყველა მომენტში ცუდად გაისარჯა და ძალიან რეალური შანსები გაანიავა. თავის მხრივ, უსაქმოდ არც ხორვატიის ნაკრები ყოფილა და ბელგია რამდენჯერმე ტიბო კურტუამ გადაარჩინა.

საბოლოოდ, ნულოვანი ფრე, რამაც ხორვატია ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზე გაიყვანა, ხოლო ბელგია 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ტურნირს დაემშვიდობა. „წითელმა ეშმაკებმა“ სამ თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანეს და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს.

ამ ჯგუფში პირველი ადგილი მაროკოს ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც პარალელურად კანადა 2:1 დაამარცხა და 7 ქულით ყველას აჯობა. შესაბამისად, მაროკო E ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება მერვედფინალში, ხოლო ხორვატია პირველ ადგილოსანს.

რაც შეეხება ბელგიას, ე.წ „ოქროს თაობა“ ისევ უტიტულოდ დარჩა და ალბათ, ეს ბოლო შანსიც იყო. ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში 1998 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა.

ხორვატია - ბელგია 0:0 (0:0)

ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (მაიერი 90); კრამარიჩი (პაშალიჩი 64), ლივაია (პეტკოვიჩი 64), პერიშიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

ბელგია (3-4-3): კურტუა; დენდოკერი (ტილემანსი 72), ალდერვეირელდი, ვერტონგენი; მუნიე (ე. აზარი 87), ვიტსელი, დე ბრუინი, კასტანიე; ტროსარი (ტ. აზარი 59), მერტენსი (ლუკაკუ 46), კარასკო (დოკუ 72)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გაფრთხილება: დენდოკერი (67)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 15 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

1. მაროკო 3 2 1 0 4 1 3 7
2. ხორვატია 3 1 2 0 4 1 3 5
3. ბელგია 3 1 1 1 1 2 -1 4
4. კანადა 3 0 0 3 2 7 -5 0
0.104969