მსოფლიოს ჩემპიონატზე H ჯგუფში პორტუგალიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები შეხვდებიან და ევროპელებისთვის ეს თამაში პრაქტიკულად ფორმალობაა.
ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში უკვე გასულია. თან, რომც წააგოს, უდიდესი ალბათობით პირველ ადგილს დაიკავებს. მიუხედავად ამისა, ლუზიტანელები საბრძოლო შემადგენლობით თამაშს აპირებენ. პორტუგალიას ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს - ოტავიო, ნუნუ მენდეში და დანილო პერეირა, მაგრამ მათი შემადგენლობა იმდენად ღრმა და სოლიდურია, სანტუშს შემცვლელების პრობლემა საერთოდ არ აქვს.
წინა ტურში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ურუგვაისთან პორტუგალიის პირველად გოლმა, რომელიც საბოლოოდ ფიფამ ბრუნო ფერნანდეშს ჩაუთვალა, მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ ამტკიცებდა, რომ ბურთთან კონტაქტი ჰქონდა. კრიშტიანუ გოლებზე დაგეშილი მანქანაა და მისი ემოციები და რეაქცია გასაგებია, მაგრამ ეს სოციალურ მედიაში საქილიკო თემაც კი გახდა.
სამხრეთ კორეას ორ ტურში 1 ქულა აქვს და ხავსს ებღაუჭება. აზიელებმა ურუგვაისთან ნულოვანი ფრის მერე განასთან 2:3 წააგეს და ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალია აუცილებლად უნდა დაამარცხოს, გარდა ამისა, პარალელური მატჩი ისე უნდა დამთავრდეს, რომ ურუგვაის ან განას ბურთების ბალანსით აჯობოს. მოკლედ, ამოცანა ურთულესი და პრაქტიკულად შეუსრულებელია. სხვათა შორის სამხრეთკორეელთა მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი პაულუ ბენტუა, რომელიც თავის დროზე ნაკრების ფეხბურთელიც იყო და მერე უკვე მწვრთნელიც. თუმცა, ის წინა ტურში გააძევეს და თავისი სამშობლოს წინააღმდეგ მატჩში სათადარიგო სკამზე ყოფნის უფლება არ ექნება.
სტატისტიკა
სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1954 წელს გამოჩნდა. შემდეგ იყო ძალიან დიდი პაუზა და აზიელები ტურნირს 1986-ში დაბრუნდნენ და მას მერე არცერთი მუნდიალი არ გამოუტოვებიათ. მათ 2002 წელს იაპონიასთან ერთად ტურნირის მასპინძლობა და მასში მე-4 ადგილის დაკავებაც კი მოახერხეს. სამხრეთ კორეა ჯგუფიდან 2010 წელსაც გავიდა, მაგრამ მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა.
პორტუგალიისთვის ეს მე-8 მსოფლიოს ჩემპიონატია და საუკეთესო შედეგი სადებიუტო მუნდიალზე აჩვენა (1966 წელს), როცა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2006 წელს კი ნახევარფინალში გავიდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 2010 და 2018 წლებში პორტუგალიელები მერვედფინალში დამარცხდნენ, ხოლო 1986, 2002 და 2014 წლებში ჯგუფში ჩარჩნენ.
კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი.
პორტუგალია და სამხრეთ კორეა ერთმანეთს ერთადერთხელ. 2002 წლის 14 ივნისს შეხვედრიან და მაშინაც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. აზიელებმა საშინაო კედლებში პარკ ჯი-სუნის გოლით 1:0 მოიგეს და ჯგუფიდან გავიდნენ. პორტუგალია ჯგუფში ჩარჩა. ასე რომ, პორტუგალიას რევანშის შანსი 20 წლის მერე მიეცა და შეუძლია ჯგუფში კორეელები ჩატოვოს.
სავარაუდო შემადგენლობები
2 დეკემბერი, 19:00 საათი
ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“
სამხრეთ კორეა (4-1-4-1): სუნ-გიუ; მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, იონ-ვონი, ჯინ-სუ; ინ-ბომი; ჩან-ჰონი, ვუ-იეონი, სონი; ჩო
პორტუგალია (4-3-1-2): დიოგო კოშტა; კანსელო, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო; ბერნარდო სილვა, ნევეში, კარვალიო; ბრუნო ფერნანდეში; რონალდუ, ჟოაო ფელიქსი