მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ტურში H ჯგუფში ყველაზე დიდ ინტერესს, ურუგვაისა და განის მატჩი იწვევს, რადგან ამ შეხვედრაში ირკვევა, ვინ გავა მეორე ადგილზე და შესაბამისად, ჯგუფიდან.
განამ საწყის ორ ტურში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ჯერ პორტუგალიასთან მარცხის მიუხედავად, ქულას იმსახურებდა, მერე კი სამხრეთ კორეის ნაკრები დაამარცხა. ოტო ადოს გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს - ბევრს იტანს და ბევრს უშვებს. მშვენიერ ფორმაშია გუნდის ლიდერი მოჰამედ კუდუსი, რომელმაც წინა ტურში დუბლი შეასრულა, მანამდე პირველ მატჩში კი საგოლე პასიც მიითვალა. მოკლედ, განა კარგ ვითარებაშია და ქულას თუ მოიპოვებს, ისტორიაში მესამედ გავა ჯგუფიდან.
ურუგვაის ნაკრებს კი ამ დროისთვის ერთ-ერთი იმედგაცრუება შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ჯერ ტურნირზე გოლიც არ გაუტანია და საგოლე მომენტების შექმნაც უჭირს. თუმცა ის უნდა ვახსენოთ, რომ განვლილ ორ თამაშში სამხრეთამერიკელებმა სამჯერ კარის ძელი შეაზანზარეს. თუმცა, ცხადია, ეს არაფერია და მთავარი ტაბლოა, სადაც გოლის გარეშე და კინკილა ქულითაა. ამდენად, განასთან აუცილებლად მოგება სჭირდება და თან პარალელურად, პორტუგალია-სამხრეთ კორეის მატჩი მისთვის სასარგებლო შედეგით უნდა დასრულდეს.
ურუგვაის ნაკრები 3-მცველიანი სქემით ითამაშებს და ორი ფორვარდით შეუტევს. ერთი დარვინ ნუნიესი იქნება, მეორე კი შესაძლოა არც ედინსონ კავანი იყოს და არც ლუის სუარესი - ისინი ფორმაში არ არიან. არაა გამორიცხული დიეგო ალონსომ მაქსი გომესი ათამაშოს. განის ნაკრები იმავე შემადგენლობით გავა მინდორზე, რომლითაც სამხრეთ კორეა დაამარცხა.
სტატისტიკა
ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მასპინძელი და პირველი გამარჯვებულია. მათ მსგავსი წარმატების მიღწევა 20 წლის შემდეგაც მოახერხეს. საერთო ჯამში კი ისინი მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობენ.
ბოლო სამ მუნდიალზე ურუგვაი ჯგუფიდან ყოველთვის გადიოდა: 2010 წელს ნახევარფინალში იყო, 2014 წელს მერვედფინალში, 2018 წელს კი მეოთხედფინალში. ბოლოს ურუგვაი ჯგუფიდან 2002 წელს ვერ გავიდა, ხოლო 2006 წლის მუნდიალი გამოტოვა.
განა 2010 წელს ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან, თუმცა ლუის სუარესის ის ცნობილი მომენტი, როდესაც ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა ბურთი, ასამოა გიანმა კი პენალტი ვერ გამოიყენა დღემდე მოჩვენებასავით გასდევთ აფრიკელებს. ეს მათი მე-4 მუნდიალია, 8-წლიანი პაუზის შემდეგ კი პირველი.
განა 2006 და 2010 წლებში ჯგუფიდან გასვლა მოახერხა და პლეი-ოფში ორჯერვე სამხრეთამერიკელებთან წააგო - მერვედფინალში ბრაზილიასთან და მეოთხედფინალში ურუგვაისთან.
ურუგვაისა და განის ნაკრებები აქამდე ერთადერთხელ შეხვედრიან, მაგრამ ისეთი თამაში გამოდგა, ისტორიას სამუდამოდ შემორჩება. 2010 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ურუგვაიმ პენალტების სერიაში მოიგო (1:1). დამატებით დროში ლუის სუარესმა ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა, გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა, პენალტი დაინიშნა და თვითონ წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ასამოა გიანმა პენალტი ვერ გაიტანა, თორემ განა ნახევარფინალში გავიდოდა.
სავარაუდო შემადგენლობები
2 დეკემბერი, 19:00 საათი
ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“
განა (4-2-3-1): ალტი-ზიგი; ლამპტი, ამარტი, სალისუ, მენსა; პარტეი, სამედი; კუდუსი, ა. აიუ, ჯ. აიუ; უილიამსი
ურუგვაი (3-5-2): როჩეტი; ხიმენსი, გოდინი, კოატესი; ვარელა, ვალვერდე, ბენტანკური, ვესინო, ოლივერა; ნუნიესი, გომესი