ფეხბურთი

15:00 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკო კარგ ფორმაშია - კანადა კარის გაჯახუნებას ეცდება

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში კანადა მაროკოს დაუპირისპირდება. აფრიკელებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულაც კი ჰყოფნით, კანადელებმა კი ჯგუფში ჩარჩენა უკვე გაინაღდეს და თავისი კვალის დატოვებას ეცდებიან.



F ჯგუფი წილისყრის ჩატარებიდანვე საკმაოდ საინტერესოდ მოსჩანდა. ბელგია და ხორვატია თითქოს ფავორიტები იყვნენ, თუმცა მაროკოს და კანადის ჩამოწერა რომ არ შეიძლებოდა, ამასაც ყველა ხვდებოდა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ კანადამ იბრძოლა, თუმცა ვერაფერს გახდა, მაროკო კი პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჯგუფიდან გასასვლელად ძალიან კარგი შანსიც დაიტოვა.

კანადის ნაკრებმა ბელგიასთან მატჩში ბევრი გულშემატკივრის სიმპათია დაიმსახურა. გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ პენალტიდან ჰქონდა შანსი, თუმცა ,,წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ნამდვილად კარგად წარმოაჩინა თავი, რასაც ვერ ვიტყვით ხორვატიასთან მატჩზე. იქ უკვე მოქმედმა ვიცე-ჩემპიონებმა კლასით დაჯაბნეს მეტოქე და ისე გამოვიდა, რომ ჩრდილოელები ჯგუფში ჩარჩნენ. ახლა ისინი კარის გამოჯახუნებას შეეცდებიან.

მაროკოს ნაკრები, როგორც ჩანს კარგად მოვამზადეთ. მუნდიალის დაწყებამდე ჩვენთან მოგებულმა მატჩმა გუნდს ისეთი განწყობა შეუქმნა, რომ არც ხორვატიასთან წააგო და ბელგიაც ძალიან კარგი თამაშით დაამარცხა. ამჯერად ისინი უმოტივაციო კანადას ეთამაშებიან და მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ ქულის აღებას შეეცდებიან, თუმცა თუ შანსი მიეცემათ ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაზეც არ იტყვიან უარს.

სტატისტიკა

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 3 ამხანაგური მატჩი აქვთ გამართული. ორი მათგანი მაროკოს გამარჯვებით, ერთიც კი ფრედ დასრულდა. ბოლო მატჩი 2016 წელს გაიმართა, სადაც აფრიკელბმა 4:0 იმარჯვეს.

კანადა მუნდიალზე მეორედ მონაწილეობს. პირველი შემთხვევაც წარუმატებელი იყო, როდესაც 24 გუნდში ბოლო ადგილი დაიკავეს და ამჯერადაც არის იმის შანსი, რომ თუ ყველა გუნდს შორის არა, თავის ჯგუფში მაინც დაიკავოს ბოლო ადგილი.

მაროკოს ნაკრებისთვის კატარი მეექვსე დიდი ფორუმია. მათ ჯგუფური ეტაპი ერთხელ, იმ წელს აქვთ გადალახული, როცა კანადის ნაკრებმა ბოლო ადგილი დაიკავა - საუბარია 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მაროკოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ჰაკიმ ზიეშს ეროვნულ გუნდში უკვე 10 მატჩია არ წაუგია. კანადელ ჯონათან დევიდს კი ბოლო 22 მატჩში 5 მარცხი აქვს 13 გამარჯვების წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

1 დეკემბერი, 19:00 საათი

დოჰა, „ალ ტუმამა სთედიუმი“

კანადა (3-4-3): ბორიანი, ჯონსტონი, ვიტორია, მილერი, ლარიეა, ჰატჩინსონი, ეუშტაკიუ, დევისი, ჰოილეტი, ბიუქენანი, დეივიდი.

მაროკო (4-1-4-1): ბონო, ჰაკიმი, საისი, აგერდი, მაზრაუი, ამრაბათი, ბუფალი, ამალა, უნაჰი, ზიეში, ენ-ნესირი.

0.111294