ფეხბურთი

19:06 | 30.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას ფიასკოს თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფის მესამე ტურში გერმანია კოსტა რიკას შეხვდება და ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩენის თავიდან აცილებას ეცდება, ამისათვის კი აუცილებლად 3 ქულა უნდა მოიპოვოს.

გერმანიის ნაკრები შეიძლებოდა უკვე ჯგუფში ჩარჩენილი ყოფილიყო, მაგრამ კოსტა რიკამ მისთვის დიდებული საქმე გააკეთა და ჩრდილოამერიკელთა იაპონიასთან გამარჯვებამ „ბუნდესნაკრებს“ შანსი დაუტოვა და თანაც, ძალიან რეალური შანსი. ახლა ყველაფერი გერმანიის ხელთაა და კოსტა რიკას თუ დაამარცხებს, რაც წესით ჰანსი ფლიკის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს, ჯგუფიდან გავა. მართალია, გერმანია პარალელურ მატჩზეც არის დამოკიდებული, მაგრამ იქაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ესპანეთმა იაპონიასთან წააგოს.

გერმანიის ნაკრებმა კი პირველ ტურში აზიელებთან მარცხი განიცადა, ხოლო შემდეგ ესპანეთთანაც მარცხდებოდა და ნიკლას ფიულკრუგმა ბოლო წუთებზე ანგარიში გაათანაბრა და ალემანებს მიმდინარე მუნდიალზე პირველი ქულა მოუტანა. თუმცა, გერმანია მაინც არ არის კრიტიკულ და გამოუვალ მდგომარეობაში - უბრალოდ კოსტა რიკა უნდა დაამარცხოს.

თავის მხრივ, კოსტა რიკის ნაკრებმა ესპანეთთან 0:7 განადგურების მერე, ყველასთვის მოულოდნელად იაპონია 1:0 დაამარცხა. ჩრდილოამერიკელებმა მთელი თამაშის განმავლობაში თავი კარგად დაიცვეს და ერთადერთი შანსი გამოიყენეს - სხვათა შორის, კოსტა რიკის ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ თამაშში კარში ერთი დარტყმა აქვს და 100%-იანი შედეგი - 1 გოლი. ფაქტია, რომ რაც უნდა ცუდად ეთამაშა კოსტა რიკას, 2014 წლის შემდეგ პირველად ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს და ამისთვის ფრეც ეყოფა (თუ პარალელურ მატჩში ესპანეთი მოიგებს).

გერმანიის ნაკრებმა წინა მატჩი ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშა, მაგრამ კოსტა რიკასთან ასე არ იქნება - ფიულკრუგი ტომას მიულერის ადგილს დაიკავებს, ძირითადში გამოჩნდება ლეროი სანეც, რომელიც ლეონ გორეცკას შეცვლის. კოსტა რიკის ნაკრები კი 5 მცველით თამაშს აპირებს და უკვე ნათელია, რომ მთელ აქცენტს დაცვაში თამაშზე გააკეთებს.

სტატისტიკა

გერმანიის ნაკრები მუნდიალზე მეოცედ თამაშობს და 1950 წლის შემდეგ ეს ტურნირი არ გამოუტოვებია. გუნდი 4-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და 2002-2014 წლებში ზედიზედ ოთხ მუნდიალზე მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა. წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფში ჩარჩა.

გერმანიამ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირველმა მოიპოვა იმ 31 ნაკრებს შორის, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს.

გერმანია ბოლო სამი დიდი ტურნირის პირველ შეხვედრაში დამარცხდა - 2018 წლის მუნდიალზე, ევრო 2020-ზე და მიმდინარე მუნდიალზე.

გერმანიის ნაკრებს მუნდიალზე ბოლო 5 მატჩიდან 3 წაგებული აქვს (2018 წლის მუნდიალის ჩათვლით).

გერმანიის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე ბოლო 10 მატჩიდან (ევრო 2016-ის ნახევარფინალიდან მოყოლებული) 6 წააგო (2 მოგება, 2 ფრე).

კოსტა რიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6-ედ მონაწილეობს საუკეთესო შედეგი 2014 წელს აჩვენა, როცა ურთულეს ჯგუფში, იტალიას, ინგლისსა და ურუგვაის აჯობა, მერვედფინალში საბერძნეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში პენალტების სერიაში ნიდერლანდებთან წააგო. გარდა ამისა, ისინი ჯგუფიდან 1990 წელსაც გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკა მუნდიალზე ზედიზედ მესამედ თავის ისტორიაში პირველად თამაშობს.

კოსტა რიკა ბოლო ნაკრებია, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა (მიმდინარე წლის ივნისში).

კოსტა რიკამ 2014 წლის შემდეგ მუნდიალზე პირველი მატჩი წინა ტურში მოიგო. მანამდე ზედიზედ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ბოლოს იტალია ჰყავდა დამარცხებული.

ლუის ფერნანდო სუარესისთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია. კოლუმბიელი მწვრთნელი მანამდე მუნდიალზე ეკვადორისა (2006) და ჰონდურასის ნაკრებთან (2014) ერთად იყო.

გერმანია და კოსტა რიკა აქამდე ერთადერთხელ შეხვედრიან და ისიც მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წლის მუნდიალის გახსნის მატჩში მიუნხენში მასპინძელმა გერმანიამ კოსტა რიკა 4:2 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები

1 დეკემბერი, 23:00 საათი

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

კოსტა რიკა (5-4-1): ნავასი; ფულერი, დუარტე, ვარგასი, ვასტონი, ოვიედო; ტორესი, ბორხელი, ტეხედა, კემპბელი; კონტრერასი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კლოსტერმანი, სულე, რიუდიგერი, რაუმი; კიმიხი, გიუნდოგანი; გნაბრი, მუსიალა, სანე; ფიულკრუგი

0.118379