ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში დასასრულს უახლოვდება 10-ათასიანი ტურნირები, როგორც – ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ ბელარუსი პოლინა პეხოვა 6:3, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც რუს სოფია ჟუკს ეთამაშება.
ეს უკანასკნელი კვალიფიკაციიდან გახლავთ გამოსული, ამდენად, ქვაცაბაიას წარმატების კარგი შანსი აქვს. ფინალის მე-2 საგზურისთვის რუსები იბრძოლებენ. პირველ ნომრად მიჩნეული მარგარიტა ლაზარევა დარია ლოდიკოვას გაეჯიბრება.
ვაჟებში წყვილთა ტურნირის ფინალში იასპარეზებენ ალექსანდრე მეტრეველი და ბულგარელი ალექსანდერ ლაზოვი, რომელთაც მე-4 რეიტინგით მოასპარეზე გერმანულ დუეტს (რეიხელტი-შუტი) 6:2, 6:2 სძლიეს.
ფინალში ალექსანდრეს და ალექსანდერის მეტოქეთა ვინაობა ესპანურ-ინდურ (ლოპეს სანჩესი-ნედუნჩეჟიანი) და რუსულ-ესპანურ (გახოვი-ლოპეს ხაენი) წყვილებს შორის მატჩში ირკვევა.
ერთეულთა მეოთხედფინალში მეტრეველმა მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ მაქსიმ ჰამუსთან 5:7, 2:6 წააგო და შეჯიბრს გამოეთიშა.