ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს ფორმულა 1-ის გუნდის შეფი მატია ბინოტო, რომელმაც თავად გადაწყვიტა წასვლა. მარანელოელთა განცხადებით, ბინოტო თავის ვალდებულებებს 31 დეკემბრამდე შეასრულებს. მანამდე კი გუნდი მის შემცვლელს შეარჩევს.
ბინოტო ამბობს, რომ მისი წასვლა „ფერარის“ სარგებელს მოუტანს: „ფერარისთან თანამშრომლობის შეწყვეტა, ჩემთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო. მე ვტოვებ კომპანიას, რომელიც მიყვარს, რომლის ნაწილიც 28 წლის განმავლობაში ვიყავი. მაგრამ ამას მშვიდად ვაკეთებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე. მე მზარდ გუნდს ვტოვებ. ძლიერ გუნდს, რომელსაც უმაღლესი მიზნების მიღწევა შეუძლია. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა მისი მიღება ძალიან რთული იყო“.
ბინოტო მადლობას უხდის გუნდის ყველა თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც, ბევრი სირთულე გადალახა და სოლიდურ პროგრესაც მიაღწია.
ბინოტოს გაშვებაზე ჯერ კიდევ ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ გაჩნდა ხმები. მაშინ გუნდიც და ბინოტოც ამ ხმებს უარყოფდნენ. თუმცა მალე აშკარა გახდა, რომ ეს ხმები უსაფუძვლო არ იყო და კომპანიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ „ფერარიმ“ პილოტების და გუნდურ ჩათვლაშიც, ტიტულების მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა. არადა, 2022 წლის სეზონის დასაწყისში, გუნდი კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს „ფერარის“ ხელმძღვანელის პოსტს. გავრცელებული ინფორმაციით, ბინოტოს შემცვლელად, კომპანიას შერჩეული ჰყავს „ალფა რომეოს“ შეფი ფრედერიკ ვასერი.