ნიდერლანდების ნაკრებმა პირველ ორ ტურში თამაშის ხარისხით კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, მაგრამ A ჯგუფში პირველი ადგილი მაინც დაიკავა და ალბათ, მეტის ჩვენება და ენერგიის ზედმეტი დახარჯვა ამ საკმაოდ სუსტ ჯგუფში საჭირო არც იყო.
ლუის ვან გაალის გუნდმა ბოლო ტურში მასპინძელი კატარი, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა. კლასში სხვაობა უდიდესი იყო და ეს რა გასაკვირია. ანგარიში კი 26-ე წუთზე ძალიან კარგი კომბინაციის შემდეგ კოდი გაკპომ გახსნა, რომელმაც მუნდიალზე ზედიზედ მესამე გოლი გაიტანა და ჩანს, რომ პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი ძალიან მაგარი ფორმაშია.
ნიდერლანდებმა უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაზარდა, როდესაც მემფის დეპაის დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ფრენკი დე იონგმა დაასწრო და ანგარიში 2:0 გახადა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ვან გაალის შეგირდებმა გაცილებით სერიოზული მატჩის წინ კარგად ივარჯიშეს.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ნიდერლანდების ნაკრებს პლეი-ოფში წარმატებისთვის გაცილებით მეტის გაკეთება და მომატება მოუწევს, რადგან ჯგუფში ამ გუნდს ბევრი არაფერი უჩვენებია.
ნიდერლანდების ნაკრებმა A ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. შედეგად, მერვედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. კატარის ნაკრები კი უქულოდ ჯგუფში ჩარჩა და ძალიან სუსტად ითამაშა. აშკარაა, რომ კატარის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის დონეზე ჯერ არ არის და აქ მხოლოდ იმიტომ ითამაშა, რომ მასპინძელია. კატარი ერთადერთი მასპინძელია მუნდიალის ისტორიაში, რომელმაც ქულაც ვერ მოიპოვა...
ამავე ჯგუფში სენეგალმა ეკვადორი 2:1 დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა და ისტორიაში მეორედ გავიდა მერვედფინალში, სადაც B ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება, ხოლო ეკვადორმა 4 ქულით მუნდიალი დატოვა.
ნიდერლანდები - კატარი 2:0 (1:0)
ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“
ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, დე როონი (კუპმაინერსი 82), ფ. დე იონგი (ტეილორი 86), ბლინდი; კლაასენი (ბერგუისი 66); გაკპო (ვერგოსტი 82), დეპაი (იანსენი 66)
მწვრთნელი: ლუი ვან გაალი
კატარი (5-3-2): ბარშამი; მოჰამადი (ხოდერი 85), მიგელი, ხუხი, ჰასანი, აჰმედი; ჰატემი (ალააელდინი 85), მადიბო (ბუდიაფი 64), ალ ჰაიდოსი (ასადალა 64); ალმოეზ ალი (მუნტარი 64), აფიფი
მწვრთნელი: ფელიქს სანჩესი
გოლები: 1:0 გაკპო (26), 2:0 ფ. დე იონგი (49)
გაფრთხილება: აკე (52)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: ბაკარი გასამა (გამბია)
1. | ნიდერლანდები | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 1 | 4 | 7 |
2. | სენეგალი | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 4 | 1 | 6 |
3. | ეკვადორი | 3 | 1 | 1 | 1 | 4 | 3 | 1 | 4 |
4. | კატარი | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 7 | -6 | 0 |