ფეხბურთი

16:11 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი ფრე: კამერუნმა 2002 წლის შემდეგ მუნდიალზე პირველი ქულა მოიპოვა

სერბეთის ნაკრებისგან მუნდიალის წინ დიდი მოლოდინი იყო და ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი აღმოჩენა გახდებოდა, მაგრამ, რაც ორმა ტურმა გამოაჩინა, ეს მოსაზრება რეალობისგან შორსაა.

ბრაზილიასთან თუნდაც უშანსო მარცხი კიდევ გასაგებია, მაგრამ კამერუნთან ქულების დაკარგვა დრაგან სტოიკოვიჩის გუნდზე კარგად არ მეტყველებს. სერბეთის ნაკრები ისევ ძალიან არადამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით დაცვაში და მხოლოდ ფრედ დასჯერდა.

კამერუნის ნაკრები 29-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ჟან-შარლ კასტელეტომ დააწინაურა, რომელიც „ნანტის“ ღირსებას იცავს და საინტერესო ისტორია აქვს: საფრანგეთშია დაბადებული, დედა კამერუნელი ჰყავს, მამა იტალიელი. 27 წლის ფეხბურთელმა ანგარიში კუთხურის შემდეგ გახსნა. კამერუნი ახლოს იყო ტაიმის მოგებასთან, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი ძალიან სწრაფად გაუშვა.

ჯერ სტრაჰინია პავლოვიჩმა გაათანაბრა თავური დარტყმით, ხოლო ერთ წუთში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას შეცდომით სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სერბეთის ნაკრებისთვის მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო და შესანიშნავი კომბინაცია ალექსანდერ მიტროვიჩმა გოლით დაასრულა - 1:3.

ეს დიდი უპირატესობა იყო და თითქოს სერბეთს საქმე გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ რიგობერტ სონგმა თამაშში ვინსენ აბუბაკარი ჩართო, რომელმაც კამერუნის ნაკრები გადაარჩინა. ვეტერანმა ფორვარდმა ჯერ სხვაობა ლამაზი გოლით შეამცირა, ხოლო ორი წუთის შემდეგ იდეალური პასი გაუკეთა ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგს და „ბაიერნის“ ფორვარდმა ანგარიში გაათანაბრა - 3:3. თამაშიც ასე დასრულდა.

სხვათა შორის, კამერუნის ნაკრებმა 2002 წლის შემდეგ პირველად არ წააგო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში. მას შემდეგ აფრიკელებს ზედიზედ 8 შეხვედრა ჰქონდათ წაგებული.

კამერუნსა და სერბეთს თითო ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ. ბოლო ტურში სერბეთი შვეიცარიას შეხვდება, ხოლო კამერუნის მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება.

კამერუნი - სერბეთი 3:3 (1:2)

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

კამერუნი (4-3-3): ეპასი; ფაი, კასტელეტო, ნ’კულუ, ტოლო; ანგისა (უმ გუეტი 81), ჰონგლა (აბუბაკარი 55), კუნდე (ონდუა 67); მბეუმო (ნ’კუდუ 81), ჩუპო-მოტინგი, ტოკო ეკამბი (ბასოგოგი 67)

მწვრთნელი: რიგობერტ სონგი

სერბეთი (3-5-2): ვ. მილინკოვიჩი-სავიჩი; მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი (ბაბიჩი 78), პავლოვიჩი (ს. მიტროვიჩი 56); ჟივკოვიჩი (რადონიჩი 78), მაქსიმოვიჩი, ს. მილინკოვიჩ-სავიჩი (გრუიჩი 78), ლუკიჩი, კოსტიჩი (ჯურიჩიჩი 90); ტადიჩი, ა. მიტროვიჩი

მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი

გოლები: 1:0 კასტელეტო (29), 1:1 პავლოვიჩი (45), 1:2 ს. მილინკოვიჩ-სავიჩი (45), 1:3 ა. მიტროვიჩი (53), 2:3 აბუბაკარი (64), 3:3 აბუბაკარი (66)

გაფრთხილება: ნ’კულუ (24), ბასოგოგი (30) - იოვიჩი (45), მილენკოვიჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 15 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: მოჰამედ აბდულა ჰასანი (საამიროები)

1. ბრაზილია 1 1 0 0 2 0 2 3
2. შვეიცარია 1 1 0 0 1 0 1 3
3. კამერუნი 2 0 1 1 3 4 -1 1
4. სერბეთი 2 0 1 1 3 5 -2 1
0.134335