მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი კატარის ნაკრები ჯგუფში პირველი ჩარჩა და ნიდერლანდებთან ბოლო ტურის მატჩს მისთვის სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ეს ერთია და მეორეა ღირსების დაცვა - კატარი მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მასპინძელი გამოდგა და კარის გაჯახუნებას მაინც უნდა ეცადოს.
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ მეტოქე უფრო ძლიერი ჰყავს, ვიდრე წინა ორ მატჩში ჰყავდა. ნიდერლანდების ნაკრებს კი ქულაც ეყოფა ჯგუფიდან გასასვლელად და შეიძლება წაგების შემთხვევაშიც გავიდეს, თუ პარალელურად სენეგალი დამარცხდება. თუმცა, ამის იმედად ლუის ვან გაალის გუნდი ვერ იქნება, ხოლო თუ მოიგებს, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ვერავინ შეეცილება.
უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდებმა ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა, მაგრამ თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა. „ნარინჯისფრებმა“ ორ მატჩში კარში სულ 4-ჯერ დაარტყეს და 3 გოლი გაიტანეს. უფრო მეტიც, ეკვადორთან გუნდს სულ კარისკენ 2 დარტყმა ჰქონდა და 1966 წლის შემდეგ (როცა ამ სტატისტიკის დათვლა დაიწყეს), ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ცუდი შედეგია, რაც ნიდერლანდებს ნამდვილად არ შეეფერება.
სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება მემფის დეპაი, რომელმაც წინა ორი თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო. მას მცირე ტრავმა ჰქონდა და ახლა, როგორც ჩანს, სათამაშოდ მზადაა. ვან გაალი არც თავის სქემას შეცვლის და ისევ 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშებს.
სტატისტიკა
ნიდერლანდების ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებში ერთადერთია (ალბათ პორტუგალიასთან ერთად), რომელსაც მუნდიალი არასდროს მოუგია. თუმცა, სამჯერ ფინალში დამარცხდა.
ნიდერლანდების ნაკრებს 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ჩეხეთთან დამარცხდა, რითაც იმ ტურნირს გამოეთიშა. ამრიგად, ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნების შემდეგ დაუმარცხებელია.
კატარი გახდა პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის თამაში წააგო.
კატარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია.
კატარი სამხრეთ აფრიკის შემდეგ პირველი მასპინძელია, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. მაგრამ აფრიკელებმა 2010 წელს ჯგუფში 4 ქულა დააგროვეს, კატარი კი ჯერ უქულოდაა.
ნიდერლანდები და კატარი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობა
29 ნოემბერი, 19:00
ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“
ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, ბერგუისი, ფ. დე იონგი, ბლინდი; გაკპო; ბერგვაინი, დეპაი
კატარი (3-5-2): ბარშამი; მიგელი, ხუხი, ჰასანი; მოჰამადი, ჰატემი, მადიბო, ალ ჰაიდოსი, აჰმედი; ალმოეზ ალი, მუნტარი