ფეხბურთი

20:25 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეკვადორი ან სენეგალი: ფინალი ჯგუფში მერვედფინალის საგზურისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ტური A ჯგუფის მატჩებით გაიხსნება, სადაც გამორჩეულ ინტერესს ეკვადორისა და სენეგალის შეხვედრა იწვევს, რადგან ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი თამაშია.

ეკვადორის ნაკრებს 4 ქულა აქვს, სენეგალს - 3. შესაბამისად, ერთ-ერთი მერვედფინალში გავა, ერთ-ერთი ჯგუფში ჩარჩება. სამხრეთამერიკელებს ფრეც აწყობთ, ხოლო აფრიკელებმა აუცილებლად უნდა მოიგონ.

პირველ ორ ტურში ეკვადორის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუ კატართან თამაში საზომად ვერ გამოდგება, ნიდერლანდებთან გუსტავო ალფაროს გუნდი შესანიშნავი იყო და უფრო მეტად რომ გამართლებოდა, მოიგებდა კიდეც. სენეგალის ნაკრებმა კი ნიდერლანდებთან წაგების მერე კატარს მოუგო, მაგრამ ჩანს, რომ ალიუ სისეს გუნდს პრობლემები აქვს, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში, რადგან მაგალითად კატარმა ბევრი საგოლე მომენტი შეუქმნა. თუმცა, სადიო მანეს გარეშე დარჩენილ სენეგალის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი მაინც და საკუთარ თავზეა დამოკიდებული, მაგრამ ამისათვის აუცილებლად უნდა მოიგოს.

აღსანიშნავია, რომ ეკვადორის ნაკრებს დიდი ალბათობით საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, ენერ ვალენსია ვერ დაეხმარება. მან ტრავმა ნიდერლანდებთან მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. არადა, ვალენსია კილიან მბაპესთან ერთად მიმდინარე მუნდიალზე 3 გოლით ბომბარდირია და ზოგადად, ეკვადორის ნაკრების ბოლო 6 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე, სწორედ მის აქტივშია. სენეგალის ნაკრებში საკადრო პრობლემები არ არის, თუ არ ჩათვლით სადიო მანეს არყოფნას, რომელიც მუნდიალზე საერთოდ ვერ წავიდა და აფრიკელებისთვის ეს სიახლე აღარ არის.

სტატისტიკა

სენეგალი ისტორიაში მესამედ და მათ შორის ზედიზედ მეორედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. აფრიკელები 4 წლის წინ თუ ჯგუფში ჩარჩნენ, 2002 წელს ფურორი მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ, სადაც თურქეთთან წააგეს.

სენეგალს შანსი აქვს ჯგუფიდან 2002 წლის შემდეგ პირველად გავიდეს.

სენეგალის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე კარი მშრალად 9 თამაშია არ შეუნახია. მათ მუნდიალზე სულ 10 მატჩი ჩაატარეს და გოლი მხოლოდ სადებიუტო შეხვედრაში არ გაუშვეს, როცა საფრანგეთს 1:0 აჯობეს (2002 წელს).

ეკვადორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კონმებოლის ზონაში დაკავებული მე-4 ადგილით გავიდა, სადაც 18 მატჩში 26 ქულა დააგროვა.

ეკვადორი მუნდიალზე მეოთხედ თამაშობს: თუ 2002 და 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, 2006 წელს მერვედფინალში გავიდა და ინგლისთან 0:1 წააგო.

ეკვადორის ნაკრების ბოლო 6 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი ფეხბურთელის ანგარიშზეა - ენერ ვალენსიას.

საინტერესო დამთხვევაა, რომ სენეგალისა და ეკვადორის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2002 წელს ითამაშეს.

ნიდერლანდებთან მატჩში ეკვადორელთა მშრალი სერია შეწყდა და ეს გუნდი გოლს 612 წუთის განმავლობაში არ უშვებდა.

ეკვადორისა და სენეგალის ნაკრებები ერთმანეთს ერთადერთხელ, 2002 წლის 23 მაისს, ამხანაგურ მატჩში შეხვედრიან. მაშინ ორივე ნაკრები თავისთვის სადებიუტო მუნდიალისთვის ემზადებოდა და სენეგალმა 1:0 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

29 ნოემბერი, 19:00 საათი

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ეკვადორი (3-4-2-1): გალინდესი; პოროსო, ტორესი, ჰინჩაპიე; პრესიადო, მენდესი, კაისედო, ესტუპინიანი; პლატა, სარმიენტო; ესტრადა

სენეგალი (4-4-2): ე. მენდი; საბალი, კულიბალი, დიალო, იაკობსი; სარი. ნ. მენდი, გეიე, დიატა; დია, დიედიუ

0.120222