ფეხბურთი

20:32 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიას ურუგვაისთან რევანშის და მერვედფინალის შანსი აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდება და მერვედფინალის საგზურის მოპოვებას ეცდება.

ფერნანდუ სანტუშის გუნდმა პირველ ტურში განის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და კრიშტიანუ რონალდუმ იმ შეხვედრაში მორიგი რეკორდი დაამყარა - ხუთ სხვადასხვა მუნდიალზე შეძლო გოლის გატანა. კრიშტიანუსთვის ეს ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია და ცხადია, სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომაც, მისი მოტივაცია დიდია. ზოგადად, პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ სანტუშს კრიტიკოსები არ აკლია, რადგან გუნდი ლაღ ფეხბურთს ვერ თამაშობს. განასთანაც, პორტუგალიას მოგება გაუჭირდა და შეიძლებოდა ქულები დაეკარგა.

ურუგვაის ნაკრებმა კი სამხრეთ კორეასთან ვერაფერი გააწყო და ნულოვანი ფრით მოუწია დაკმაყოფილება. სამხრეთამერიკელების შემადგენლობა სოლიდურია, ვეტერანებისა და ახალი თაობის ნაზავი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ტურში ურუგვაის თამაში დამაჯერებელი არ იყო. ურუგვაის ნაკრებს პორტუგალიასთან კიდევ უფრო რთული ბრძოლა ელოდება, მაგრამ მასთან კარგი მოგონებებიც აკავშირებს, რადგან წინა მუნდიალის მერვედფინალში ედინსონ კავანის დუბლით სწორედ პორტუგალია დაამარცხა.

პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებთა შემადგენლობაში წინა ტურთან შედარებით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, სავარაუდოდ, გუნდები იმავე შემადგენლობით ითამაშებენ. „სელესტეს“ კვლავ ტრავმირებული ჰყავს ცენტრალური რონალდ არაუხო, რომელიც ვერ ითამაშებს.

სტატისტიკა

ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მასპინძელი და პირველი გამარჯვებულია. მათ მსგავსი წარმატების მიღწევა 20 წლის შემდეგაც მოახერხეს. საერთო ჯამში კი ისინი მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობენ.

ბოლო სამ მუნდიალზე ურუგვაი ჯგუფიდან ყოველთვის გადიოდა: 2010 წელს ნახევარფინალში იყო, 2014 წელს მერვედფინალში, 2018 წელს კი მეოთხედფინალში. ბოლოს ურუგვაი ჯგუფიდან 2002 წელს ვერ გავიდა, ხოლო 2006 წლის მუნდიალი გამოტოვა.

პორტუგალიისთვის ეს მე-8 მსოფლიოს ჩემპიონატია და საუკეთესო შედეგი სადებიუტო მუნდიალზე აჩვენა (1966 წელს), როცა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2006 წელს კი ნახევარფინალში გავიდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 2010 და 2018 წლებში პორტუგალიელები მერვედფინალში დამარცხდნენ, ხოლო 1986, 2002 და 2014 წლებში ჯგუფში ჩარჩნენ.

კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს გოლი გატანილი.

პორტუგალია და ურუგვაი ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან და ბალანსი თანაბარია: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა, როგორც უკვე ვახსენეთ, 4 წლის წინ ურუგვაიმ 2:1 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

28 ნოემბერი, 23:00 საათი

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

პორტუგალია (4-3-1-2): დიოგო კოშტა; კანსელო, რუბენ დიაში, დანილო, გერეირო; ბერნარდო სილვა, რუბენ ნევეში, კარვალიო; ბრუნო ფერნანდეში; რონალდუ, ჟოაო ფელიქსი

ურუგვაი (4-3-3): როჩეტი; კასერესი, გოდინი, ხიმენესი, ოლივერა; ვალვერდე, ბენტანკური, ვესინო; პელისტირის, სუარესი, ნუნიესი

0.115334