ფეხბურთი

22:15 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდებს ეკვადორთანაც გაუჭირდა და ვერ მოიგო, კატარი ჯგუფში ჩარჩა

კატარი პირველი ნაკრებია, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა. ეს მას მერე გაირკვა, რაც ნიდერლანდებისა და ეკვადორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ლუის ვან გაალის გუნდმა განვლილ ორ ტურში კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა. ძნელი სავარაუდოა, რომ ნიდერლანდები თამაშს მალავს, მაგრამ ფაქტია, რომ შეტევაში ძალიან უჭირს.

„ნარინჯისფერებმა“ სენეგალთან კარში პირველად 84-ე წუთზე დაარტყეს, სულ კი სამჯერ და ორი გოლი გაიტანეს, არც ეკვადორთან შეცვლილა ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მე-6 წუთზე დაწინაურდა. გოლი ისევ კოდი გაკპომ გაიტანა. როგორც მერე გაირკვა, ეს ნიდერლანდელთა ერთადერთი დარტყმა იყო კარში, ეგ კი არა, კარისკენაც მთელი თამაშის განმავლობაში ერთხელ დაარტყა, რაც ნიდერლანდების ნაკრებისთვის ძალიან ცუდი შედეგია.

ეკვადორი კი პირიქით, ინიციატივას ფლობდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა და გოლიც დამსახურებულად გაიტანა. 49-ე წუთზე ენერ ვალენსიამ გაათანაბრა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ეკვადორის ნაკრების ბოლო 6 გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე მის ანგარიშზეა - 3 მიმდინარე მუნდიალზე და 3 2014 წელს. გარდა ამისა, 2014 წლის მუნდიალიდან დღემდე მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია ამ ტურნირზე - ასევე 6-6 გოლი აქვთ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ვალენსიას 2018 წლის მუნდიალზე თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ვალენსია მეოთხე ფეხბურთელია ეუსებიოს, პაოლო როსისა და ოლეგ სალენკოს შემდეგ, რომელმაც თავისი ქვეყნის ზედიზედ 6 გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. სხვათა შორის, 3 გოლით მიმდინარე მუნდიალის ბომბარდირიცაა, მაგრამ ბოლოს ტრავმა მიიღო და არავინ იცის, გააგრძელებს თუ არა, ტურნირზე თამაშს.

როგორც ვთქვით, ეკვადორი უკეთესი იყო და დამსახურებულად გაათანაბრა. გოლამდეც გაიტანა, მაგრამ საეჭვო ვითარებაში გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო შემდეგ მოგებაც შეეძლო, მაგრამ ნიდერლანდები ხარიხამ გადაარჩინა.

ნიდერლანდების ნაკრებმა პირველ ორ ტურში იწვალა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 2021 წლის ივნისის შემდეგ, როცა მაშინ ფრანკ დე ბურის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ჩეხეთთან წააგო, აღარ დამარცხებულა (17 მატჩია). ამრიგად, ვან გაალის დაბრუნების მერე ნიდერლანდები დაუმარცხებელია.

A ჯგუფს ნიდერლანდებისა და ეკვადორის ნაკრებები 4-4 ქულით ლიდერობენ, შანსი სენეგალსაც აქვს (3 ქულა), მაგრამ ბოლო ტურში მოგება დასჭირდება ეკვადორთან, ხოლო ნიდერლანდებს კატართან წესით ბევრად იოლი თამაში ელოდება.

ნიდერლანდები - ეკვადორი 1:1 (1:0)

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, კუპმაინერსი (დე რუნი 80), ფ. დე იონგი, ბლინდი; კლაასენი (ბერგუისი 69); გაკპო (ვერგოსტი 79), ბერგვაინი (დეპაი 46)

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ეკვადორი (3-4-3): გალინდესი; პოროსო, ტორესი, ჰინჩაპიე; პრესიადო, მენდესი, კაისედო, ესტუპინიანი; პლატა (იბარა 90), ესტრადა (სარმიენტო 74), ვალენსია (როდრიგესი 90)

მწვრთნელი: გუსტავო ალფარო

გოლები: გაკპო (6), 1:1 ვალენსია (49)

გაფრთხილება: მენდესი (57)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (1) – 14 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: მუსტაფა გორბალი (ალჟირი)

1. ნიდერლანდები 2 1 1 0 3 1 2 4
2. ეკვადორი 2 1 1 0 3 1 2 4
3. სენეგალი 2 1 0 1 3 3 0 3
4. კატარი 2 0 0 2 1 5 -4 0
0.127088