საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დანიის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, დანია თავის შესაძლებლობებთან შედარებით დაუფასებელი გუნდია, რაც მათ სწორედ საფრანგეთის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.
„გეთანხმებით, მეც რამდენჯერმე ვთქვი, რომ დანიის ნაკრები დაუფასებელი გუნდია თავის რეალურ შესაძლებლობებთან შედარებით. ცხოვრება ბევრჯერ გაგვირთულა და ოთხი თვის შუალედში ორჯერ დაგვამარცხა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს გაკვეთილი კარგად ვისწავლეთ და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ტენდენცია შეიცვლება. შურისძიებაზე საუბარი არ მაქვს, ეს არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის აქვს თამაშის სისტემების შეცვლის უნარი, რამაც შეიძლება სხვადასხვა სირთულეები გამოიწვიოს.
არგენტინა თუ მექსიკა მერვედფინალში? ახლა მხოლოდ დანიასთან მატჩზე ვფიქრობთ და ვიმედოვნებ, რომ ამ შეკითხვას მოგვიანებით დამისვამთ. კვალიფიკაციის შემთხვევაში ვნახოთ რა იქნება. ჩვენც და ყველა იმ გუნდს, რომელმაც პირველი მატჩი მოიგო, აქვს შესაძლებლობა, რომ მეორე ტურში მოგებით მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვოს და ვეცდებით, ეს შანსი გამოვიყენოთ“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა მიმდინარე წელს ივნისსა და სექტემბერში, დანიის ნაკრებთან ერთა ლიგაზე ორი თამაში წააგო. ხვალინდელი მატჩი კი 20:00 საათზე გაიმართება.