ავტოსპორტი

0:40 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰულკენბერგი აღიარებს, რომ ფორმაში არაა

გერმანელი მრბოლი ნიკო ჰულკენბერგი ახლახანს დააბრუნეს ფორმულა 1-ში. მას კონტრაქტი „ჰაასმა“ გაუფორმა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, მიკ შუმახერი გაუშვა. ჰულკენბერგმა მონაწილეობა მიიღო ტესტებზე, რომელიც აბუ დაბიში, ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაიმართა.

35 წლის გერმანელმა პილოტმა ტესტების შემდეგ აღიარა, რომ გადატვირთვებს ისე ვეღარ უმკლავდება, როგორც 2019 წელს, როდესაც სრულ ჩემპიონატში ბოლოს იასპარეზა. მას შემდეგ, ის ტრასაზე სულ სამჯერ გამოვიდა, როდესაც (რეისინგ პოინტის და ასტონ მარტინის) კორონავირუსით დაავადებულ პილოტებს ცვლიდა.

„ვაღიარებ, რომ გამიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ბოლოსკენ ძალა გამომელია. ეს მოსალოდნელიც იყო. შემიძლია ვთქვა, საქმე უკეთაც გავაკეთე, ვიდრე ველოდი. ეს ცუდი არაა. ახლა კი სამი თვე მაქვს ინტენსიური მზადებისთვის“, - ამბობს ჰულკენბერგი.

ის დასძენს, რომ ტესტებმა გაახსენეს, თუ რაოდენ დაძაბულ შრომას მოითხოვს ეს მანქანები. „ამას თუ დავამატებთ იმას, რომ საჭიროა მანქანის მართვა, პაექრობა, ადვილი წარმოსადგენია, რასთან მაქვს საქმე. მაგრამ მე მაქვს გეგმა და მის შესრულებას ვაპირებ“.

გერმანელი პილოტი ამბობს, რომ „ჰაასVF-22-ის“ შეფასება არ შეუძია, რადგან ამ ტესტებზე სულ სხვა ამოცანებს ასრულებდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სარბოლო ავტომობილის მართვა, მისი მიჩვევა.

მომავალ სეზონში ჰულკენბერგი მესამე ყველაზე ხნიერი პილოტი იქნება. მასზე უფროსები მხოლოდ ფერნანდო ალონსო და ლუის ჰამილტონი არიან.

0.11932