მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში A ჯგუფის ლიდერები, ნიდერლანდებისა და ეკვადორის ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან. პირველ ტურში ორივე გუნდმა იდენტური ანგარიშით, 2:0 მოიგო, შესაბამისად, სენეგალისა და კატარის წინააღმდეგ.
ასე რომ, ამჯერადაც 3 ქულის მოპოვება, მერვედფინალის საგზურის მომტანი იქნება. ნიდერლანდებმა სენეგალს 2:0 მოუგო, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, რადგან 84-ე წუთამდე კარში დარტყმაც არ ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმიდან მაქსიმუმი გამოიმუშავა. ზოგადად, ლუის ვან გაალის გუნდს დაცვა ძლიერი ჰყავს, მაგრამ შეტევაში აშკარა პრობლემები ჩანს. ნიდერლანდების ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება მემფის დეპაი, რომელიც ვინსენ იანსენის ადგილს დაიკავებს. დეპაის პირველ ტურში მცირე ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა. ამჯერად კი, სრულ მზადყოფნაშია. სხვა მხრივ, ლუის ვან გაალი იმავე ფეხბურთელებს ენდობა, რომლებმაც სენეგალთან 3 ქულა მოიპოვეს.
ეკვადორმა კატარი ტურნირის გახსნის შეხვედრაში ენერ ვალენსიას გოლებით 2:0 დაამარცხა. სამხრეთამერიკელებმა მატჩის ბედი მაშინ დასაწყისშივე გადაწყვიტეს და მერე ძალებიც დაზოგეს. ეკვადორი მართლაც კარგი იყო პირველ ტურში, მაგრამ მაინც რეალური ძალა იმ მატჩში ვერ გამოჩნდებოდა, რადგან კატარი ძალიან სუსტი იყო. ეკვადორის ნაკრებშიც არაა მოსალოდნელი ცვლილებები. კატართან მატჩში დუბლის ავტორმა ენერ ვალენსიამ მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ ის თავისი გუნდისთვის უდიდესი ძალა და შეუცვლელი ფიგურაა - ბოლო ცნობებით, „ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელი ძირითადში იქნება.
სტატისტიკა
ეკვადორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე კონმებოლის ზონაში დაკავებული მე-4 ადგილით გავიდა, სადაც 18 მატჩში 26 ქულა დააგროვა.
ეკვადორი მუნდიალზე მეოთხედ თამაშობს: თუ 2002 და 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, 2006 წელს მერვედფინალში გავიდა და ინგლისთან 0:1 წააგო.
ნიდერლანდების ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებში ერთადერთია (ალბათ პორტუგალიასთან ერთად), რომელსაც მუნდიალი არასდროს მოუგია. თუმცა, სამჯერ ფინალში დამარცხდა.
ნიდერლანდების ნაკრებს 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ჩეხეთთან დამარცხდა, რითაც იმ ტურნირს გამოეთიშა. ამრიგად, ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნების შემდეგ დაუმარცხებელია.
ეკვადორის ნაკრებს 606 წუთია გოლი არ გაუშვია. ამ გუნდის კარში ბოლოს გოლი არგენტინელმა ხულიან ალვარესმა გაიტანა მიმდინარე წლის 30 მარტს. მას მერე, ეკვადორმა ზედიზედ 7 თამაშში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
ნიდერლანდები და ეკვადორი აქამდე ორჯერ და ორჯერვე ამხანაგურ მატჩში შეხვედრიან. 2006 წლის 1 მარტს ევროპელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 2014 წლის 17 მაისს ფრე დაფიქსირდა - 1:1.
სავარაუდო შემადგენლობები
25 ნოემბერი, 20:00 საათი
დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“
ნიდერლანდები (3-4-1-2): ნოპერტი; დე ლიხტი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, ფ. დე იონგი, ბერგუისი, ბლინდი; გაკპო; მემფისი, ბერგვაინი
ეკვადორი (4-4-1-1): გალინდესი; პრესიადო, ტორესი, ჰინჩაპიე, ესტუპინიანი; პლატა, კაისედო, მენდესი, იბარა; სარმიენტო; ვალენსია