მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში A ჯგუფის ეგიდით, მასპინძელი კატარის ნაკრები სენეგალის ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე პირველ ტურში დამარცხდა და ამრიგად, ახლა შეცდომის უფლება არცერთს აქვს. შესაბამისად, მოედანზე უშეღავათო ბრძოლა და საინტერესო თამაშია მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლების თამაშის ხარისხი ეკვადორთან კრიტიკას ვერ უძლებდა.
კატარის ნაკრებმა პირველ ტურში კატასტროფული შთაბეჭდილება დატოვა - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცუდად ითამაშა. კატარი ისტორიაში პირველი მასპინძელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე გახსნის თამაში წააგო და ძნელი სათქმელია, რა შანსი აქვს, არათუ ჯგუფიდან გასასვლელად, არამედ სენეგალის ნაკრებთან მოსაგებად. არადა, ფელიქს სანჩესის გუნდს უკან დასახევი გზა არ აქვს და მხოლოდ 3 ქულა სჭირდება. არადამაჯერებელი იყო პირველ ტურში კატარელთა მეკარე საად ალ შიბი და მოსალოდნელია, რომ მას მეშაალ ბარშამი შეცვლის, სხვა მხრივ, კატარელთა შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
სენეგალმა, რომელიც მუნდიალზე მთავარი ვარსკვლავის, სადიო მანეს გარეშე თამაშობს, პირველ ტურში ნიდერლანდებთან წააგო, თუმცა მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდა. ალიუ სისეს გუნდმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთებზე გაშვებული 2 გოლი რომ არა, ქულას დამსახურებულად მოიპოვებდა. სენეგალის ნაკრებში ცვლილებებია მოსალოდნელი: შეიკუ კუიატე პირველ ტურში დაშავდა და ვერ ითამაშებს, გარდა ამისა, ტრავმა აქვს ფოდე ბალო-ტურეს, რომელიც მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს და მას აბდუ დიალო შეცვლის. ვარაუდობენ, რომ ლონდონის „ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი ნიდერლანდებთან დაშვებული შეცდომების შემდეგ თადარიგში გადაინაცვლებს და მას ქპრ-ს კარის დარაჯი სენი დიენგი შეცვლის.
ვინაიდან, ორივე გუნდი პირველი ტურის მერე უქულოდაა, ცხადია, რომ ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან დამარცხებული გუნდი ჯგუფში ჩარჩება. ეგ კი არა, ალბათ, არც 1 ქულა იქნება რომელიმე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებით კატარისთვის, რომელსაც ბოლო ტურში ნიდერლანდებთან თამაში ელოდება.
სტატისტიკა
კატარი გახდა პირველი მასპინძელი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის თამაში წააგო.
კატარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია.
სენეგალი ისტორიაში მესამედ და მათ შორის ზედიზედ მეორედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. აფრიკელები 4 წლის წინ თუ ჯგუფში ჩარჩნენ, 2002 წელს ფურორი მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ, სადაც თურქეთთან წააგეს.
სენეგალის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 199 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუტანია. ბოლო გოლი მუსა ვაგეს ანგარიშზეა, რომელმაც 2018 წელს იაპონიის წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.
კატარი და სენეგალი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
სავარაუდო შემადგენლობები
25 ნოემბერი, 17:00 საათი
დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“
კატარი (5-3-2): ბარშამი; მიგელი, ხუხი, სალმანი ა. ჰასანი, აჰმედი; ალ ჰაიდოსი, ბუდიაფი, ჰატემი; ალმოეზ ალი, აფიფი
სენეგალი (4-2-3-1): დიენგი; საბალი, კულიბალი, სისე, დიალო; ი. გეიე, ნ. მენდი; ნდიაე, სარი, დიატა; დია