მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტურის ჯერიც დადგა და B ჯგუფში უელსისა და ირანის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ გუნდებისთვის ნამდვილი ფინალია.
ირანმა პირველ ტურში ინგლისთან ვერაფერი გაახერხა, უშანსოდ 2:6 წააგო და თუ ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი უნდა, უელსის ნაკრების წინააღმდეგ 3 ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს. თავის მხრივ, უელსმა აშშ-ს ნაკრებთან საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევარში ვითარება გამოასწორა და ქულა მაინც მოიპოვა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ უელსს ბოლო ტურში ინგლისთან აქვს სათამაშო, ირანის ნაკრებთან ქულების დაკარგვა მერვედფინალში გასვლის შანსს ძალიან შეამცირეს. შესაბამისად, როგორც ირანელებმა, ისე უელსელებმა მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ითამაშონ.
ირანის ნაკრებს ტრავმის გამო მეკარე ალირეზა ბეირანვანდი დააკლდება, რომელმაც ინგლისთან ტვინის შერყევა მიიღო, 90 წუთის სათამაშოდ მზად ისევ არაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სერდარ აზმუნი. უელსელთა ბანაკში კი გარეთ ბეილი და აარონ რემსი მზად არიან, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშონ.
სტატისტიკა
უელსის ნაკრებს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მსგავსი ცუდი სერია ბოლოს 2003 წლის მაისში ჰქონდა.
რობ პეიჯის გუნდმა ბოლო თამაში უკრაინის წინააღმდეგ მოიგო - მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში და ამ გამარჯვებით მუნდიალზე მოხვდა.
უელსის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ მონაწილეობს და ამ ტურნირზე ერთადერთი თამაში აქვს მოგებული - უნგრეთთან 2:1.
ირანმა მხოლოდ 5 ქულა დაკარგა აზიის საკვალიფიკაციო ეტაპზე და სამხრეთ კორეასთან საუკეთესო შედეგით გავიდა ფინალურ ეტაპზე.
ირანი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, აზიაში საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდია.
ირანი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1978 წელს იყო. მას შემდეგ ეს მათი მეექვსე მონაწილეობაა და მათ შორის, ზედიზედ მესამე.
ირანი და უელსი ერთმანეთს ერთადერთხელ, 1978 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ და უელსელებმა 1:0 მოიგეს.
სავარაუდო შემადგენლობები
25 ნოემბერი, 14:00 საათი
ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“
უელსი (3-4-2-1): ჰენესი; მეფემი, როდონი, დევისი; რობერტსი, რემსი, ამპადუ, უილიამსი, ჯეიმსი, ბეილი; მური
ირანი (5-4-1): ჰოსეინი; მოჰარამი, პურალიგანჯი, ჩეშმი, ჰოსეინი, მოჰამადი; ჯახანბახში, ნორალაჰი, კარიმი გოლიზადე; ტარემი