ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატით გამარჯვებით დაიწყო, რაც უფრო პრაგმატიზმის შედეგი იყო, ვიდრე ფეერიული თამაშის.
რობერტო მარტინესის გუნდი კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც მუნდიალზე 1986 წლის შემდეგ პირველად, ისე კი სულ მეორედაა და რთულ ბრძოლაში, მაგრამ რაც მთავარია დაამარცხა.
მატჩი კანადის ნაკრებმა გაცილებით უკეთ დაიწყო, უფრო აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც შექმნა. მე-11 წუთზე კი დიდებული შანსი მიიღო დასაწინაურებლად, მაგრამ ალფონსო დევისმა პენალტი ვერ გაიტანა. მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელს ტიბო კურტუამ აჯობა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ბელგიამ კანადა გამოუყენებელი შანსებისთვის დასაჯა და 44-ე წუთზე მიჩი ბატშუაიმ კარგი მომენტი გოლად აქცია. მეორე ნახევარში კანადა უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური მომენტი პრაქტიკულად ვერ შექმნა და მუნდიალზე 36-წლიანი პაუზის შემდეგ წაგებით დაბრუნდა.
ბელგიის ნაკრები კი პრაგმატული იყო, შედეგზე გათვლილი ფეხბურთი ითამაშა და 3 ქულა მოიპოვა. მეორე ტურში 27 ნოემბერს, ბელგიის ნაკრები მაროკოს შეხვდება, ხოლო კანადელთა მეტოქე ხორვატია იქნება.
ბელგია - კანადა 1:0 (1:0)
ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“
ბელგია (3-5-2): კურტუა; დენდოკერი; ალდერვეირელდი, ვერტონგენი; კასტანიე, ტილემანსი (ონანა 46), ვიტსელი, აზარი (ტროსარი 62), კარასკო (მუნიე 46); დე ბრუინი, ბატშუაი (ოპენდა 78)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
კანადა (3-4-3): ბორიანი; ჯონსტონი, ვიტორია, მილერი; ლარიეა (ადეკუგბე 74), ჰატჩინსონი (კონე 58), ეუშტაკიუ (ოსორიო 81), დევისი; ბიუკენენი (მილარი 81), დევიდი, ჰოილეტი (ლარინი 58)
მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი
გოლი: 1:0 ბატშუაი (44)
გაფრთხილება: კარასკო (11), მუნიე (53), ონანა (56) - დევისი (81), ჯონსტონი (83)
გამოუყენებელი პენალტი: დევისი (11, მეკარე)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 21 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ჯანი სიკაზვე (ზამბია)