ფეხბურთი

18:45 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

თამაში მხოლოდ 3 ქულისთვის: შვეიცარია და კამერუნი შეცდომის უფლების გარეშე

მსოფლიოს ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ ტურში შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდისთვის ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ჯგუფიდან გასვლა უნდათ, ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია. საქმე ისაა, რომ ჯგუფში ასევე თამაშობენ ბრაზილია და სერბეთი, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

შვეიცარიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის ჩემპიონ იტალიას აჯობა და მუნდიალზე გასვლა ბევრისთვის მოულოდნელად პლეი-ოფის გარეშე მოახერხა. ზოგადად, მურატ იაკინის გუნდი ბოლო დროს არასტაბილურია. უკანასკნელ 9 მატჩში მათ 3 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ ფრეს დასჯერდნენ და 5-ჯერ წააგეს. მიუხედავად ამისა, შვეიცარია მაინც საათივით აწყობილი მექანიზმია, რომელიც კარგა ხანია დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მუდმივად თამაშობს, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე და ძალიან დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.

კამერუნის ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევა, რადგან რიგობერტ სონგის გუნდი არცთუ დამაჯერებელია. მუნდიალზე კამერუნმა პლეი-ოფში ალჟირთან უმძიმესი გამარჯვების შედეგად მოახერხა გასვლა, რომელსაც დამატებითი დროის ბოლო წუთზე გაუტანა გადამწყვეტი გოლი. წინა წლებისგან განსხვავებით ამჯერად კამერუნის ნაკრებში ვარსკვლავების ნაკლებობაა. გუნდის მთავარი ლიდერები ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგი არიან, რომელსაც მიუნხენის „ბაიერნში“ ძალიან კარგი სეზონი აქვს.

სტატისტიკა

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-12-ედ თამაშობს, მათ შორის, ზედიზედ მეხუთედ. ბოლოს მათ მუნდიალზე გასვლა 2002 წელს ვერ მოახერხეს.

შვეიცარიელთა საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელიც 1934, 1938 და 1954 წლებში აჩვენეს.

შვეიცარია ერთადერთი ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს ისე გამოეთიშა, რომ გოლი არ გაუშვია. ეს 2006 წელს მოხდა, როცა კობი კუნის მაშინდელმა გუნდმა მერვედფინალში უკრაინასთან პენალტებში წააგო, მაგრამ ტურნირზე 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

კამერუნისთვის ეს არის მუნდიალზე მერვე გამოჩენა. აფრიკელებმა წინა 7 შემთხვევიდან ჯგუფიდან გასვლა ერთადერთხელ, 1990 წელს მოახერხეს, როცა დიდი სენსაცია მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ. სხვა შემთხვევაში კამერუნის ნაკრები ჯგუფიდან არ გასულა.

კამერუნის ნაკრები წინა მუნდიალზე არ იყო, ხოლო 2010 და 2014 წლებში ჯგუფში ყველა მატჩი წააგო (6). ამრიგად, 2002 წლის შემდეგ, როცა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მოგებული არ აქვს.

შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

24 ნოემბერი, 14:00 საათი

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ვიდმერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი; ჯაკა, ფროილერი; შაქირი, სოუ, ვარგასი; ემბოლო

კამერუნი (4-4-2): ონანა; ტოლო, კასტელეტო, ნკულუ, ფაი; ტოკო ეკამბი, ჰონგლა, ანგისა, მბეუმო; აბუბაკარი, ჩუპო-მოტინგი

0.134293