ფეხბურთი

2:15 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: "მსოფლიოს ჩემპიონატს თუ მოვიგებ, კარიერის დასრულებაც შეიძლება"

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში მაროკოს ნაკრებს შეხვდება და მატჩის წინ ლუკა მოდრიჩმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მოდრიჩს ჰკითხეს კრიშტიანუ რონალდუს განცხადებაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მუნდიალს თუ მოიგებს, კარიერას დაასრულებს. ხორვატი ფეხბურთელი თავის ყოფილ თანაგუნდელს დაეთანხმა.

„თუ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ, კარგი იქნება და თუ ეს მოხდება, კარიერის დასრულებაც შემეძლება. თუმცა, ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. მინდა ვითამაშო დიდ ტურნირზე, სხვა არაფერზე ფიქრი არ მინდა. თავს კარგად ვგრძნობ, მუნდიალზე მეოთხედ ვარ და ჩემთვის პატივია, რომ ვიყო კაპიტანი. ამ 5 დღის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ, შევეჩვიეთ კლიმატს, რთულ ვითარებას.

ყველაფერი, რაც წინა მუნდიალზე განვიცადეთ, დაუვიწყარი გამოცდილებაა. ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მასზე ბევრს ვისაუბრებ, მაგრამ ახლა ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც წინ გველოდება. არ მიყვარს შედარებები და აზრიც არ აქვს 2018 წელთან შედარებას“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებმა წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან 2:4 დამარცხდა.

0.129014