ფეხბურთი

17:28 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია ბოლო შანსისთვის ბრძოლას იწყებს, კანადა ისტორიის დაწერას აპირებს

მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგიის ნაკრებისთვის იწყება, რომელიც პირველ ტურში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს ბოლო შანსია ბელგიის ოქროს თაობისთვის, რომ რაიმე ღირებულ წარმატებას მიაღწიოს. 2014 წლიდან დღემდე ბელგიაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ გუნდის საუკეთესო შედეგი წინა მუნდიალზე ნახევარფინალი გამოდგა. რობერტო მარტინესის გუნდმა ჩააგდო ბოლო ევროპის ჩემპიონატიც, სადაც მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა და მომავალ ჩემპიონ იტალიასთან ვერაფერს გახდა.

ედენ აზარი, ტიბო კურტუა, აქსელ ვიტსელი, იან ვერტონგენი, რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი - შემადგენლობა ისევ ძალიან ძლიერია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაგალითად, ძველი აზარისგან ამჟამად მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი და კარიერის საუკეთესო წლები მან უკან მოიტოვა. თავის მხრივ, რომელუ ლუკაკუ საერთოდ ტრავმირებულია და ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. „წითელმა ეშმაკებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ძალზე დამაჯერებლად განვლეს და მუნდიალზე ეჭვების გარეშე გავიდნენ.

კანადის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ და 1986 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. ჯონ ჰერდმანის გუნდი შესარჩევ ეტაპზე ძალიან კარგად გამოვიდა და ზოგადად, კანადურ ფეხბურთში ძალიან კარგი თაობაა. აქ არის ჯონათან დევიდი და ალფონსო დევისი, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული ახალგაზრდები არიან. თუმცა, დევისს ბარძაყის ტრავმა აქვს და ბელგიელთა წინააღმდეგ „ბაიერნის“ ვარსკვლავის გამოჩენა უკიდურესად საეჭვოა. შეიძლება ითქვას, რომ კანადის წინააღმდეგ თამაში იოლი არავისთვის იქნება, მაგრამ ჩრდილოამერიკელთა ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება მხოლოდ გამოცდილების ნაკლებობა იყოს, რადგან ამ დონეზე კანადა 36 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

სტატისტიკა

კანადის ნაკრები მუნდიალზე მეორედაა და 1986 წელს, ჯგუფში სამივე მატჩი წააგო.

ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-14-ედ მონაწილეობს და საუკეთესო შედეგი წინა მუნდიალზე აჩვენა, როცა მესამე ადგილი დაიკავა. წარმატებული იყო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც, როცა მეოთხე ადგილზე გავიდა. სხვა შემთხვევაში ბელგიელები ოთხეულში არ მოხვედრილან.

ბელგიის ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი ნიდერლანდებისა და ეგვიპტის წინააღმდეგ წააგო, 2014 წლის შემდეგ კი ზედიზედ სამი თამაში არ წაუგია.

ბელგია და კანადა ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. 1989 წელს ამხანაგურ მატჩში ევროპელებმა 2:0 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

23 ნოემბერი, 23:00 საათი

ალ-რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“

ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დებასტი; მუნიე, ტილემანსი, ვიტსელი, კასტანიე; დე ბრუინი, ბატშუაი, აზარი

კანადა (4-4-2): ბორიანი; ლარიეა, ჯონსტონი, ვიტორია, მილერი; ადეკუგბე, ჰატჩინსონი, ეუშტაკიუ; დავიდი, ლარინი

0.116897