დღეს, 22 ნოემბერს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, არგენტინისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს შორის, არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, მე-10 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში.
ეს ლეოს მე-7 გოლი გახლდათ მუნდიალებზე (20 მატჩში). შედეგად, ამ მაჩვენებლით არგენტინელი დიდვარსკვლავი პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს (17 მატჩი) გაუთანაბრდა.
პორტუგალიელები თავის საყატარო კამპანიას 24 ნოემბერს დაიწყებენ, H ჯგუფში განას ნაკრების წინააღმდეგ. განელთა გარდა პორტუგალიელთა მეტოქეები ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდები არიან.
არგენტინელებს კი C ჯგუფში საუდელთა გარდა მეტოქეებად მექსიკისა დს პოლონეთის ნაკრებები ჰყავთ.
მესიმ კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა. მისთვის ყატარის მუნდიალი რიგით მეხუთეა. ამდენივეჯერ ტურნირზე უთამაშიათ: ანტონიო კარბახალს და რაფაელ მარკესს (ორივე - მექსიკა), ლოთარ მათეუსს (გერმანია) და ჯანლუიჯი ბუფონს (იტალია).