ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაუსახელა. საინტერესოა, რომ მთავარ ფავორიტთა რიცხვში მან ესპანეთი არ შეიყვანა. პრიორიტეტი კი არგენტინას და ბრაზილიას მიანიჭა.
„წლევანდელი მუნდიალის ფავორიტები? არგენტინა და ბრაზილია მგონია. ისინი ამჟამად ევროპელებზე ერთი ნაბიჯით წინ დგანან. თანაც მესი და ნეიმარი კარგ ფორმაში არიან. საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, ინგლისს, გერმანიას, ბელგიასა და ხორვატიასაც არცთუ ცუდი შანსები აქვთ.
ესპანეთის ნაკრები? ლუის ენრიკემ კარგი გუნდი შექმნა. ის მართლაც შესანიშნავი მწვრთნელია. იდეალურია ჩვენთვის, თავისი ხასიათის გამო. უნდა გვჯეროდეს მათი. ოპტიმიზმით ვუყურებ მათ მომავალს.’’ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es.