მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ფრე მეოთხე თამაშში დაფიქსირდა - ქულები აშშ-სა და უელსის ნაკრებებმა გაიყვეს.
B ჯგუფის ბინადრების დაპირისპირება საინტერესო გამოვიდა ორი განსხვავებული ტაიმით - პირველ ნახევარში აშშ უკეთესი იყო, მეორეში უელსი და მთლიანობაში შედეგი სამართლიანია.
ამერიკელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობეს და სრულიად ლოგიკური იყო, რომ 32-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. კრისტიან პულიშიჩის შესანიშნავი პასის მერე ტიმოთი ვეამ იდეალურად ითამაშა და გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ, ტიმოთი ლეგენდარული ლიბერიელი ფეხბურთელის, ჟორჟ ვეას შვილია.
მეორე ტაიმში ამერიკის ნაკრები ისეთი მობილური ვეღარ იყო, როგორც პირველ ნახევარში და უელსიც გაცილებით უკეთ ათამაშდა. რობერტ პეიჯის გუნდმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მერე კი გოლიც გაიტანა. 82-ე წუთზე გარეთ ბეილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვინაიდან, ჯგუფს ინგლისის სახით აშკარა ფავორიტი ჰყავს, აშშ და უელსი მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ, ამდენად, ამ მატჩის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მეორე ტურში აშშ ინგლისს, ხოლო უელსი ირანის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი ტურის მერე კი ლიდერი ინგლისია 3 ქულით, ირანი უქულოდ აუტსაიდერი, უელსსა და აშშ-ს თითო ქულა აქვთ.
აშშ - უელსი 1:1 (1:0)
ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“
აშშ (4-3-3): ტერნერი; დესტი (იედლინი 74), ზიმერმანი, რეამი, რობინსონი; მაკკენი (აარონსონი 66), ადამსი, მუსა (აკოსტა 74); ვეა (მორისი 88), სარგენტი (რაიტი 74), პულიშიჩი
მწვრთნელი: გრეგ ბერჰალტერი
უელსი (3-4-3): ჰენესი; მეფამი, როდონი, დევისი; რობერტსი, ამპადუ (მორელი 90), რემსი, უილიამსი (ჯონსონი 79); ვილსონი (ტომასი 90), ბეილი, ჯეიმსი (მური 46)
მწვრთნელი: რობერტ პეიჯი
გოლები: 1:0 ვეა (36), 1:1 ბეილი (82, პენ)
გაფრთხილება: დესტი (11), მაკკენი (13), რეამი (51), აკოსტა (90) - ბეილი (40), მეფემი (45)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 7 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: აბდულრაჰმან ალ ჯასიმი (კატარი)