მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე რიგით მესამე მატჩი ნიდერლანდებსა და სენეგალს შორის გაიმართა, რომელიც ლუის ვან გაალის გუნდმა 2:0 მოიგო.
ნიდერლანდები ფავორიტი იყო, მითუმეტეს, სენეგალი სადიო მანეს გარეშე დარჩა და დიდი ძალა დაკარგა. თუმცა, ვან გაალის შეგირდებს ძალიან გაუჭირდათ და ძალიან ახლოს იყვნენ სულ მცირე ქულის მოპოვებასთან.
ნიდერლანდებმა კარში სულ 3-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა. და, რაც მთავარია, პირველივე ზუსტი დარტყმა შედეგიანი გამოდგა: 84-ე წუთზე ფრენკი დე იონგის პასით კოდი გაკპომ იხეირა და ანგარიში გაიხსნა. არადა, მანამდე, მთელი 83 წუთის განმავლობაში ნიდერლანდების ნაკრებს მინიმომენტიც არ ჰქონია, არათუ საგოლე მომენტი.
მეორე გოლი ვან გაალის გუნდმა 99-ე წუთზე გაიტანა და თამაშიც დამთავრდა: მემფის დეპაის დარტყმა ედუარ მენდიმ მოიგერია, მაგრამ დავი კლაასენმა დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სულ ეს იყო - ნიდერლანდებმა ორივე შეტევაში, როდესაც კარში დაარტყა გოლი გაიტანა.
საპასუხოდ, სენეგალი თავს კარგად იცავდა და შეძლებისდაგვარად უტევდა - ანდრიეს ნოპერტმა 4-ჯერ იხსნა თავისი გუნდი, თორემ შეიძლებოდა ნიდერლანდებს ვერ მოეგო, რაც თამაშის სცენარიდან გამომდინარე რეალური იყო.
მიუხედავად ცუდი თამაშისა, ლუის ვან გაალის გუნდმა ჩემპიონატი 3 ქულით დაიწყო და ეს მთავარია. A ჯგუფს მასთან ერთად ეკვადორი ლიდერობს და ისინი მომდევნო ტურში შეხვდებიან, ხოლო სენეგალი მასპინძელ კატარს დაუპირისპირდება.
სენეგალი - ნიდერლანდები 0:2 (0:0)
დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“
სენეგალი (4-3-3): ე. მენდი; საბალი, კულიბალი, სისე, დიალო (ჯაკობსი 62); ნ. მენდი, გეიე, კუიატე (პ. გეიე 73); დიატა (74. ჯექსონი), დია (დიენგი 69), სარი
მწვრთნელი: ალიუ სისე
ნიდერლანდები (3-5-2): ნოპერტი; დე ლიხტი, ვან დეიკი, აკე; დუმფრისი, ბერგუისი (კუპმაინერსი 79), ფ. დე იონგი, გაკპო (დე როონი 90), ბლინდი; იანსენი (დეპაი 62), ბერგვაინი (კლაასენი 79).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1 გაკპო (84), 0:2 კლაასენი (90)
გაფრთხილება: მენდი (90), ი. გეიე (90) - დე ლიხტი (56)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 10 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)