თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა სტუმრად ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და ბევრისთვის მოულოდნელად 3:2 მოიგო.
კვიპროსელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს და მართალია, მერე ერთწუთიან ინტერვალში, 66-ე და 67-ე წუთებზე ორჯერ გაუშვეს, მაგრამ 82-ე წუთზე მესამე გოლიც შეაგდეს და გამარჯვება მოიპოვეს.
ეს ქეცბაიას მეოთხე მატჩი იყო კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და ბალანსი თანაბარია - 2 მოგება (ისრაელსა და საბერძნეთთან) და 2 წაგება (კოსოვოსა და ბულგარეთთან).
"ვულოცავ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში და შედეგის მიღწევაც. მოედანზე გასული არცერთი ფეხბურთელი არ დანებებულა და ისრაელის მსგავსი კარგი გუნდი დავამარცხეთ. თამაშში ხარისხი გვქონდა, ყოველი კონტრშეტევა იყო გოლის გატანის შანსი და ძალიან მიხარია, რომ ბულგარეთთან მარცხის შემდეგ ძალა ვიპოვეთ, აქ ჩამოვსულიყავით და კარგი ფეხბურთით გვეთამაშა. ოფიციალურ მატჩებამდე დრო გვაქვს მოსამზადებლად. ვისურვებდი, რომ ჩემს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი მყოლოდა, რათა ყველა ერთად ვეცადოთ რაიმე კარგი გავაკეთოთ. მატიას სპოლიარიჩის ტრავმამ დაგვამწუხრა. ვიმედოვნებ, რომ რაღაც სერიოზული არ არის და ის მალე იქნება თავის გუნდთან და ასევე ეროვნულ ნაკრებთან ერთად“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, კვიპროსი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფშია და ვილი სანიოლის გუნდს 17 ივნისს (კვიპროსში) და 15 ოქტომბერს (საქართველოში) დაუპირისპირდება.