მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დაიწყო და გახსნის მატჩს, მასპინძელ ყატარსა და ეკვადორს შორის 68 000 გულშემატკივარი დაესწრო, თუმცა, მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი ტრიბუნებზე ხალხის რაოდენობა ძალიან შეთხელდა, ბოლოს კი თითქმის ცარიელი იყო.
ამ ფაქტმა ყურადღება მიიპყრო, რადგან მუნდიალზე, მითუმეტეს გახსნით თამაშში დაცარიელებული ტრიბუნები პრაქტიკულად არავის ახსოვს. როგორც ჩანს, მასპინძელი გულშემატკივრები თავიანთი ნაკრების უსუსური თამაშის შემხედვარე ძალიან იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ფაქტია, რომ ყატარისთვის ფეხბურთი და თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი საზრუნავი არაა.
ყატარელებისგან განსხვავებით გამორჩეულები იყვნენ ეკვადორელი ფანები, რომლებიც მცირე რაოდენობით იყვნენ ტრიბუნებზე, თუმცა საკუთარ გუნდს აქტიურად ამხნევებდნენ და ბოლოს სკანდირებდნენ კიდეც: „ლუდი გვინდა!“.
შეგახსენებთ, ეკვადორის ნაკრებმა ენერ ვალენსიას დუბლით ყატარს 2:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.