ფეხბურთი

19:40 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანეს გარეშეც სენეგალისგან სიურპრიზებს ელიან, ნიდერლანდები მუნდიალზე ბრუნდება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში A ჯგუფში სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდებიან - ფურცელზე ჯგუფის ფავორიტები.

ნიდერლანდების ნაკრები მუნდიალის მთავარ ფავორიტთა შორის არ შედის, თუმცა „ნარინჯისფერებს“ მაინც ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავთ და გამორიცხული არაფერია. ნიდერლანდები 2018 წლის მუნდიალზე ვერ გავიდა, შესაბამისად, პლანეტის პირველობაზე 8-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. სხვათა შორის, ნიდერლანდებისთვის ბოლო ორი მუნდიალი ასე თუ ისე, აქტივშია შესატანი - 2010 წელს ფინალში გავიდა, ხოლო 2014 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ნიდერლანდელებს არასდროს მოუგიათ მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ 3 ფინალი აქვთ წაგებული (1974, 1978, 2010).

სენეგალის ნაკრები კი აფრიკის მოქმედი ჩემპიონია და ამბიციური გუნდია. ალიუ სისეს გუნდმა მუნდიალის წინ დიდი დარტყმა განიცადა და უდავო ლიდერი სადიო მანე ტრავმის გამო დაკარგა. რა თქმა უნდა, მანეს შეცვლა იოლი არ იქნება, მაგრამ სენეგალის ნაკრებში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან.

სტატისტიკა

სენეგალი ისტორიაში მესამედ და მათ შორის ზედიზედ მეორედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. აფრიკელები 4 წლის წინ თუ ჯგუფში ჩარჩნენ, 2002 წელს ფურორი მოახდინეს და მეოთხედფინალამდე მივიდნენ, სადაც თურქეთთან წააგეს.

ნიდერლანდების ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებში ერთადერთია (ალბათ პორტუგალიასთან ერთად), რომელსაც მუნდიალი არასდროს მოუგია. თუმცა, როგორც ვთქვით, სამჯერ ფინალში იყო.

ეს გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრიან.

სავარაუდო შემადგენლობები

დოჰა, „ალ თუმანა სთედიუმი“

21 ნოემბერი, 20:00 საათი

სენეგალი (4-3-3): ე. მენდი; საბალი, სისე, კულიბალი, ბალო-ტურე; კუიატე, ნ. მენდი, გეიე; სარი, დია, დიატა

ნიდერლანდები (3-4-3): პასვეერი; ტიმბერი, ვან დეიკი, აკე; ფრიმპონგი, ფ. დე იონგი, კუპმაინერსი, ბლინდი; კლაასენი, გაკპო, ბერგვაინი.

0.11745