ფეხბურთი

16:07 | 20.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ახალი გამოცდა და წნეხი: ირანის ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლაა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები ასპარეზობას ირანის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს (B ჯგუფი).

გარეთ საუთგეიტის გუნდისგან დიდი მოლოდინია და წნეხიც ბუნებრივია მაღალია, რადგან წინა მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატზე ინგლისელებმა თამასა გაზარდეს - ახლა მათგან ფანები მხოლოდ ჩემპიონობას ითხოვენ. თუმცა, ბოლოს დროს ინგლისის ნაკრები საგანგაშო ფორმაშია და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ხოლო ერთა ლიგაზე კატასტროფულად ითამაშა და B დივიზიონში უშანსოდ დაქვეითდა.

ირანის ნაკრები კი მაინც ამოუცნობი გუნდია, თუმცა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ევროპულ კლუბებში კარგად თამაშობენ. გამოცდილია მთავარი მწვრთნელიც - პორტუგალიელი კარლოს კეირუში. აღსანიშნავია, რომ ირანელთა მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.

ინგლისის ნაკრებში კაილი უოკერისა და კალვინ ფილიპსის თამაში საეჭვოა, რადგან ტრავმებისგან ისინი ახლახან გამოჯანმრთელდნენ. ირანის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სარდარ აზმუნი კი ოპტიმალურ ფორმაში არაა, რადგან ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

სტატისტიკა

ინგლისმა ბოლო ორ დიდ საფეხბურთო ფორუმზე კარგად ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია: 2018 წელს მუნდიალზე ოთხეულში მოხვდა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ფინალი წააგო. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 39 გოლი გაიტანა, რაც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. „სამი ლომი“ საკვალიფიკაციო ტურნირში არ დამარცხებულა.

ირანი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, აზიაში საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდია.

ირანი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1978 წელს იყო. მას შემდეგ ეს მათი მეექვსე მონაწილეობაა და მათ შორის, ზედიზედ მესამე.

ინგლისისა და ირანის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): „ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოფნა მწვერვალია, ამიტომ, ნამდვილად მოუთმენლად ველოდებით ამ სცენაზე საკუთარი თავის გამოცდას“.

მეჰდი ტარემი (ირანის ნაკრების ფეხბურთელი): „ჩვენ ყველა მეტოქეს ერთნაირი პატივისცემით ვუყურებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამივე მატჩი მოვიგოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

21 ნოემბერი, 17:00 საათი

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი; სტოუნსი, დაიერი, მაგუაირი; ტრიპიერი, რაისი, ბელინგემი, შოუ; საკა, კეინი, სტერლინგი

ირანი (4-3-3): ბეირანვანდი; მოჰარამი, კანაანიზადაგონი, ჰოსეინი, ჰაისაფი; ნუროლაჰი, ეზატოლაჰი, ებრაჰიმი; ჯახანბახში, ტარემი, ანსარიფარდი

0.128695