რაგბი

20:17 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უელსის ნაკრების მწვრთნელი: "ძალიან იმედგაცრუებულები ვართ"

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა საქართველოსთან მარცხის (12:13) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს არ არის შედეგი, რომლის მიღწევა სურდათ და ძალიან იმედგაცრუებულები არიან.

„გასახდელში ერთად ვიყავით, ჯგუფურად ვისაუბრეთ და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ყველას გვინდოდა. რა თქმა უნდა, რაგბიში 7 დღე ბევრი დროა, მაგრამ ამ თამაშიდან სწრაფად უნდა ვისწავლოთ და დარწმუნდეთ, რომ ავსტრალიასთან დადებით შედეგს მივაღწევთ. ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ახლა მისგან თავის დასაღწევად უნდა ვიბრძოლოთ. თამაში საკმაოდ კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში კიდევ ერთი ან ორი ლელო უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

უნდა გავაანალიზოთ რატომ გვქონდა ასეთი თამაში გასული კვირის შემდეგ, რომელიც სავსე იყო მონდომებით. ვერ მოვიგეთ ბევრი ორთაბრძოლა, ამ კვირაში ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ. ბიჭებმა კარგად ივარჯიშეს და იმაზე უკეთ თამაშის იმედი გვქონდა, ვიდრე ვითამაშეთ. მეორე ტაიმში საქართველოს ბურთი და ტერიტორია უფრო ხშირად ჰქონდა და ამიტომ, ამის მიზეზებზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელშიც ყველას თავისი როლი აქვს, პირველ რიგში მწვრთნელებს და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეცდომებზე. როგორც ვთქვი, 7 დღე დიდი დროა და ეს 7 დღე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მომავალ კვირას ბევრად უკეთ ვითამაშოთ“, - თქვა პივაკმა.

შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.

სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!

0.11772