საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უელსთან ისტორიული გამარჯვების (13:12) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ მოგებით დაამტკიცეს, რომ რაგბის სამყაროს წარმომადგენლები ცდებიან და ცვლილებების დრო დადგა. აშკარაა, რომ შარიქაძემ 6 ერში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე გააკეთა მინიშნება.
„ეს საოცარია. მიმდინარე სეზონში მეორედ დავამარცხეთ ტიერ 1-ის ქვეყანა და დავამტკიცეთ, რომ ბევრი ადამიანი ცდება. სპორტსმენისთვის არ არსებობს იმაზე უკეთესი გრძნობა, ვიდრე იმის დამტკიცება, რომ ვიღაც ცდება. შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ისტორია დავწერეთ. უელსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, განსაკუთრებით ბოლო სეზონის შემდეგ, ამიტომ, ახლა ხალხმა ცვლილებებზე უნდა იფიქროს“, - თქვა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან მარცხი განიცადა. ვთქვათ ისიც, რომ საქართველო უელსს მეოთხედ შეხვდა და სამი წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა.
სხვათა შორის, უელსს „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე, 7 ოქტომბერსაც შეხვდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. ამრიგად, 2022 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორი დასამახსოვრებელი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - ჯერ იტალიას აჯობა და ახლა უელსს!