რაგბი

15:22 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | შემადგენლობა წლის დასკვნითი შეხვედრისთვის

2022 წლის დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები 19 ნოემბერს კარდიფში, „დრაკონების“ წინააღმდეგ გამართავენ. „ფრინციფალითიზე“ საქართველოსა და უელსის მეოთხე ჯახი ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. გასულ შაბათს სამოასთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა.

სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო და მომავალ თამაშს ტოვებს აკა ტაბუცაძე. მის ნაცვლად ძირითადში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ვასილ ლობჟანიძემ, თედო აბჟანდაძემ, სანდრო თოდუამ, მერაბ შარიქაძემ, დემე თაფლაძემ და დავით ნინიაშვილმა.

უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი – გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. შერკინების შემკვრელად დაბრუნდა თორნიკე ჯალაღონია, შესაბამისად, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ფლანკერები იქნებიან.

უცვლელია პირველი და მეორე ხაზის მარქაფა – შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე, ალექსანდრე ქუნთელია და ლადო ჩაჩანიძე. მარქაფაში არიან ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე, რომლებიც სამოასთანაც იყვნენ განაცხადში, თუმცა თამაშში ჩართვა არ მოუწიათ. ნოემბრის კამპანიაში პირველად ითამაშებენ სანდრო მამამთავრიშვილი და ლაშა ხმალაძე.

„ფრინციფალითიზე“ თამაშს იტალიელი ანდრეა პიარდი განსჯის. მას კიდეებიდან ფრანგი პიერ ბროშე და იტალიელი ჯანლუკა გნეკი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ახალ ზელანდიელი ბრენდონ პიკერილია.

ბორჯღალოსნები კარდიფში კვირას, 13 ნოემბერს გაემგზავრნენ. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ტრავმებისა, გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება:

„უელსი ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშების მოცულობა შედარებით ნაკლები გვქონდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, რამდენიმემ კი სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მომავალი თამაშისთვის მზად ვართ და მოუთმენლად ველით მის დაწყებას“.

კარგი თამაშის მოლოდინი აქვს ბექა გორგაძეს:

„უელსს ისეთი შემადგენლობა ყავს. განსაკუთრებით შერკინებაში, რომ რაქებში შეგვაწუხებენ და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. სხვა მხრივ წნეხი არ გვაქვს და ვეცდებით მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

19 ნოემბერი. კარდიფი. „ფრინციფალითი“. 17:00 (საქ. დრო) უელსი – საქართველო საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 16 კეპი, 28 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 20 ქულა, 45 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 20 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 102 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 37 კეპი, 302 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 69 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 34 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 25 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 4 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 41 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 76 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 30 კეპი, 15 ქულა), 7. ბექა გორგაძე (პო, 38 კეპი, 55 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 17 კეპი, 20 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 92 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 4 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (1 კეპი, 5 ქულა); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 4 კეპი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 4 კეპი); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

RUGBY.GE

0.118673