მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა რუსულ მედიასთან საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც 20 წლის მცველმა აღნიშნა, ეს მისთვის დიდი სტიმულია და ძალიან უხარია. საბას თქმით, ზაფხულში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში სურს.
„ნაკრებში გამოძახება სასიხარულო მოვლენაა, რადგან წინა ფანჯრის დროს პირველად მიმიწვიეს ახალგაზრდულ ნაკრებში და რა თქმა უნდა, 20 წლის ასაკში ეროვნულ გუნდში გამოძახება დიდი სტიმულია, რომ ზრდა და წინსვლა გააგრძელო. ძალიან ბედნიერი ვარ და ნდობას გავამართლებ. კარპინი? მასთან არასდროს მილაპარაკია.
2023 წელს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი იქნება და ასაკით ამ ტურნირზე თამაში შემიძლია. ახლა მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში რა თქმა უნდა, მინდა. მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო ჯგუფში ვართ, ბელგიასთან, პორტუგალიასა და ნიდერლანდებთან ერთად. ვფიქრობ, ეს ყველაზე ძლიერი ჯგუფია“, - თქვა საზონოვმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვის დედა ქართველია, მამა რუსი და ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მან სექტემბერში 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, ამჯერად კი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.