ჩოგბურთი

23:14 | 15.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა ATP-ს ფინალში თამაშის გაგრძელების შანსი თითქმის დაკარგა

რაფაელ ნადალმა ATP-ს ფინალში მეორე თამაშიც წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსიც თითქმის დაკარგა. წარმატების შემთხვევაში, ესპანელს მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსის დაბრუნება შეუძლია. მაგრამ ჯერ პირველივე შეხვედრა ამერიკელ ტეილორ ფრიცთან წააგო. მეორე შეხვედრაში კი კანადელ ფელიქს აუგერ-ალიასიმესთან 6-3, 6-4 დამარცხდა.

ნადალს მესამე შეხვედრა ნორვეგიელ კასპერ რუუდთან აქვს და ნახევარფინალში გავა, თუ მას სეტის დაუთმობლად დაამარცხებს. ოღონდ, სხვა შეხვედრაც ისე უნდა დასრულდეს, როგორც ესპანელს აწყობს. თუმცა ფაქტია, რომ ნადალი მისთვის ჩვეულ ფორმაში არაა.

საინტერესოა, რომ რაფას მეტოქის ბანაკში იჯდა მისივე ბიძა, ტონი ნადალი, ვინც ერთ დროს მას წვრთნიდა, დღეს კი აუგერ-ალიასიმეს ავარჯიშებს.

რაფაელმა შეხვედრა კარგად დაიწყო და მერვე გეიმში ბრეიკის შანსიც ჰქონდა, მაგრამ დიდი სლემის 22 ტიტულის მფლობელმა ეს შანსი საკუთარი შეცდომების გამო ვერ გამოიყენა.

აუგერ-ალიასიმემ პირველი სეტიც მოიგო, მერე კი მეორეს დასაწყისშივე დაწინაურდა და შეხვედრა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა. თუმცა ამით მომდევნო ეტაპზე გასვლა ჯერ არ გაუნაღდებია, რადგან პირველი თამაში რუუდთან წააგო.

0.123241