„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ „ტოტალურად უსაფუძვლოა“ მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, კომპანია თავისი ფორმულა 1-ის გუნდის შეფის, მატია ბინოტოს გადაყენებას აპირებს. ამ ხმები შესაბამისად, სეზონის ბოლოს, ბინოტოს „ზაუბერის“ ფრედერიკ ვასორით შეცვლა იგეგმება.
„კორიერე დელა სერა“ და „გაძეტა დელო სპორტი“ წერენ, რომ ფრანგი მენეჯერი სკუდერიას სათავეში იანვარში უნდა მოვიდეს. ამის მიზეზად, მარანელოელთა მიერ მორიგი სეზონის ჩაგდება სახელდება. გუნდი ამ სეზონის მეორე ადგილზე ამთავრებს, მაგრამ ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული საჯინიბოსთვის, ეს მხოლოდ მარცხს ნიშნავს.
„ფერარის“ პილოტებმა ამ სეზონში ოთხი რბოლა მოიგეს და ჩემპიონატის დასაწყისში, ტიტულისთვის ბრძოლის კარგი შანსები ჰქონდათ. მაგრამ ტექნიკის არასაიმედობამ, ასევე სტრატეგიულმა და პილოტების შეცდომებმა, გუნდი „რედდ ბულის“ ჩრდილში დატოვა. ავსტრიულმა გუნდმა უკვე ორივე ტიტული გაინაღდა და ახლა იმას ცდილობს, რომ სერხიო პერესი მეორე ადგილზე გაიყვანოს.
„ფერარიმ“ შე შეიძლება მეორე ადგილიც დათმოს, რადგან ჩემპიონატის მიწურულს, „მერსედესი“ აშკარად უფრო კონკურენტუნარიანად მოჩანს. ბოლო ეტაპის წინ, მარანელოელები სამქიმიანებს 19 ქულას უგებენ.
ვასორი ამჟამად „ალფა რომეოს“ შეფია, რომელიც სწორედ „ზაუბერის“ ბაზას იყენებს. თუმცა შვეიცარიული კომპანია 2026 წლიდან „აუდის“ საქარხნო გუნდი გახდება და დიდი ალბათობით, ვასორი იქ ადგილს დაკარგავს.
ბინოტოს მთელი თავისი კარიერა „ფერარიში“ აქვს გატარებული. გუნდის შეფი ის 2019 წლის იანვარში გახდა. მან მაურიციო არივაბენე შეცვალა.